ბრაზილიის უდიდეს ქალაქ რიო დე ჟანეიროში "დიდი ოცეულის" სამიტისთვის ემზადებიან, სადაც უკვე იკრიბებიან მსოფლიოს ლიდერები და ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები.
"დიდი ოცეულის" სამიტი რიო დე ჟანეიროში 18 ნოემბერს გაიხსნება და 19 ნოემებრს დასრულდება.
რიო დე ჟანეიროში უკვე ჩავიდნენ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი და სხვები.
წლევანდელ სამიტს ბრაზილია თავმჯდომარეობს, რომლის სლოგანია "სამართლიანი და მდგრადი სამყაროს მშენებლობა".
რა არის G-20 და ვინ არიან წევრები?
"დიდი ოცეული" ( Group of Twenty, G20) მსოფლიო ეკონომიკის მთავარი სტრატეგიული ფორუმია, რომელშიც ერთიანდება მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე 19 ქვეყანა და ერთი გაერთიანება. ესენი არიან: ავსტრალია, არგენტინა, ბრაზილია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, იაპონია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, კანადა, მექსიკა, რუსეთი, სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ კორეა, საუდის არაბეთი, საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი. მეოცე წევრი ევროკავშირია, რომელიც სამიტზე ევროპის კომისიის და ევროპის ცენტრალური ბანკით არის წარმოდგენილი.
მთლიანობაში დიდ ოცეულში შემავალი ქვეყნები მოიცავს მსოფლიო ეკონომიკის 80 პროცენტს, მსოფლიო ვაჭრობის 75 პროცენტს და მსოფლიოს მოსახლეობის ორ მესამედს.
გარდა ამისა, ესპანეთი "დიდი ოცეულის" მოწვეული ქვეყანაა და ის 2008 წლიდან მუდმივად ესწრება "დიდი ოცეულის" სამიტებს. აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად, მასპინძელი ქვეყნები დამატებით იწვევენ ქვეყნებს თავიანთი შეხედულებისამებრ.
ბრაზილიამ "დიდი ოცეულის" თავმჯდომარეობა ინდოეთისგან გადაიბარა. "დიდ ოცეულს" არ გააჩნია ცენტრალური შტაბბინა და მუდმივი პერსონალი. ყველა საორგანიზაციო და ლოგისტიკურ ღონისძიებას ყოველწლიური სამიტის ფარგლებში, ის ქვეყანა ახორციელებს, სადაც იკრიბებიან მსოფლიოს ლიდერები. ლიდერს ერთი წლის ვადით რეგიონულ ჯგუფებად დაყოფილ წევრ ქვეყნებს შორის როტაციის პრინციპით ირჩევენ.
2025 წელს "დიდი ოცეულის" სამიტი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გაიმართება.