კრივში მძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონი, ამერიკელი მაიკ ტაისონი იუთუბერ ჯეიკ პოლთან ბრძოლაში დამარცხდა.
რვა რაუნდიანი ბრძოლა, რომელიც ტეხასის შტატში, არლინგტონში 15 ნოემბრის საღამოს გაიმართა, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით პოლის გამარჯვებით დასრულდა.
27 წლის პოლისთვის გამარჯვება პროფესიულ რინგზე მე-11 იყო (მათგან შვიდი ნოკაუტით), ერთი მარცხით. 58 წლის ტაისონი მეშვიდედ დამარცხდა, მაშინ როდესაც მის ანგარიშზე სულ 50 გამარჯვებაა (მათგან 44 ნოკაუტით).
მაიკ ტაისონი პირველად გავიდა პროფესიულ რინგზე 2005 წლის შემდეგ, როცა პროფესიული კარიერა დაასრულა. პროფესიული პაუზის განმავლობაში, მან რამდენიმეჯერ მიიღო მონაწილეობა საჩვენებელ ბრძოლებში.
გამარჯვების შემდეგ, პოლმა განაცხადა, რომ მისთვის პატივი იყო „კრივის ნამდვილ ლეგენდასთან“ ბრძოლა.
თავის მხრივ, ტაისონმა აღნიშნა, რომ კმაყოფილია შეხვედრით. „ვიცოდი, რომ პოლი კარგი მებრძოლი იყო“.
მედიის ცნობით, პოლმა ბრძოლაში მონაწილეობისთვის 40 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს, ტაისონმა - 20 მილიონი.