უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან კონტაქტების კომენტირებისას გამოთქვა შეფასება, რომ მისი პოლიტიკით უკრაინაში ომი უფრო სწრაფად დასრულდება.
ამის შესახებ ზელენსკიმ უკრაინულ მედიას განუცხადა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამართლიანი მშვიოდბა, რათა არ იყოს განცდა, რომ ჩვენ ყველაფერი დავკარგეთ იმ უსამართლობის გამო, რომელიც თქვენ დაგეკისრათ.ომი დასრულდება, მაგრამ ზუსტი თარიღი არ არსებობს. რა თქმა უნდა, ამ გუნდის პოლიტიკით, რომელიც ახლა თეთრ სახლს უხელმძღვანელებს, ომი უფრო სწრაფად დასრულდება. ეს არის მათი მიდგომა, მათი დაპირება მათი საზოგადოების წინაშე და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის“, - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ტრამპთან საუბრისას მას არაფერი მოუსმენია „ჩვენი პოზიციის საწინააღმდეგო“.
დამაზუსტებელ შეკითხვაზე, სთხოვა თუ არა ტრამპმა უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა, ზელენსკიმ უპასუხა: „ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ.
და ამ ომის დროს ჩვენ - ჩვენმა ხალხმა და მე პირადად შეერთებულ შტატებთან, ტრამპთან, ბაიდენთან და ევროპელ ლიდერებთან მოლაპარაკებების დროს - დავამტკიცეთ, რომ რიტორიკა "დაჯექი და მოუსმინე" ჩვენთან არ მუშაობს,” - აღნიშნა ზელენსკიმ.