ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, აშშ-ის ახალ პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის ფონზე, განაცხადა, რომ ევროკავშირმა „თავის ბედი საკუთარ ხელში უნდა აიღოს“. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
ბორელის თქმით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა აჩვენა „ამერიკულ საზოგადოებაში ღრმა პოლიტიკური და კულტურული ტრანსფორმაცია“.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამ შედეგებს დიდი გეოპოლიტიკური გავლენა ექნება.
„მომდევნო ათწლეულები უდავოდ იქნება აღსანიშნავი იმით, თუ რას აკეთებს ტრამპი და რა შედეგები მოჰყვება მას... მე არ ვაპირებ სპეკულირებას იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გააკეთოს, მაგრამ ვიტყვი, რომ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რაც შეიძლება მოხდეს. მშვიდად, ფხიზლად, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილების შექმნის გარეშე, თითქოს პარალიზებულები ვართ, ირემივით ღამით გზაზე მანქანის ფარების წინ“, - თქვა ბორელმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირმა არ უნდა აჩვენოს, რომ შეშინებულია ან დაყოფილია. „იმის მიუხედავად, რომ სინამდვილეში ასეა, რადგან პრეზიდენტ ტრამპის გამარჯვება ერთ დედაქალაქში განსხვავებულად აღიქმებოდა, ვიდრე მეორეში“, - თქვა ტრამპმა.
ბორელმა ასევე ხაზი გაუსვა სამ ძირითად საკითხს, რომლებიც მისთვის მნიშვნელოვანია ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებისას: უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი, ურთიერთობები ჩინეთთან და ტაივანთან.
უკრაინის კონტექსტში ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და მხარდაჭერა.
მან ასევე აღნიშნა, რომ თუ აშშ შეწყვეტს უკრაინის მხარდაჭერას, ევროკავშირს დასჭირდება "მნიშვნელოვანი ფინანსური და სამრეწველო ძალისხმევა" მის ჩასანაცვლებლად.
უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით, ტრამპის განცხადებებზე საუბრისას ბორელმა თქვა, რომ აუცილებელია ამ ომის დასრულება რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ „მნიშვნელოვანია, როგორ დასრულდება ეს“.
„ზოგიერთისთვის შეიძლება საკმარისი იყოს, რომ ეს დასრულდეს ისე, რომ არ იცოდეს, როგორ და რა შედეგებით, მაგრამ ვფიქრობ, ევროკავშირს არ შეიძლება ეს არ აღელვედბეს“, - დასძინა მან.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპის არჩევა „უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ მკაფიოდ გავაცნობიეროთ ჩვენი უსაფრთხოების განმტკიცების აუცილებლობა, ავიღოთ ჩვენი ბედი საკუთარ ხელში“.