მას შემდეგ, რაც აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდის კონგრესმენი მაიკლ უოლცი დანიშნა თავის მრჩევლად ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში და გეგმავს ფლორიდის სენატორის მარკო რუბიოს არჩევას სახელმწიფო მდივნად, უკრაინის მხარდამჭერებმა ფრთხილად, მაგრამ შვებით ამოისუნთქეს. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს.
გამოცემა წერს, რომ ორივე კანდიდატი იცავს ტრამპის საგარეო პოლიტიკის დოქტრინას "ამერიკა უპირველეს ყოვლისა", მაგრამ მაინც რჩებიან "მხურვალე ქორებად", როდესაც საქმე ეხება აშშ-ის მიდგომას ისეთი მოწინააღმდეგეების მიმართ, როგორიცაა ჩინეთი, ირანი და რუსეთი.
ისინი ასევე შორს არიან რესპუბლიკური პარტიის იზოლაციონისტური ფრთისგან, რომელიც უკრაინის მიტოვებას ცდილობს.
გამოცემა წერს, რომ რუბიომ და უოლცმა ეჭვქვეშ დააყენეს უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების პაკეტები, არა იმის გამო, რომ უკრაინას ნაკლები მხარდაჭერა უნდა ჰქონოდა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, არამედ იმიტომ, რომ მათი აზრით, აშშ საკმარის ფინანსებს არ ხარჯავდა აშშ-ის სამხრეთ საზღვრის დაცვის მიმართულებით. უფრო მეტიც, უოლცი სთავაზობდა, რომ ამერიკას მოეხსნა შეზღუდვები უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის შორი მოქმედების იარაღის გამოყენებაზე. ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს ნაბიჯი არ გადადგა, მიუხედავად უკრაინის სრული მხარდაჭერისა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ევროპელი მაღალჩინოსანი მაინც შეშფოთებულია. თუ პუტინი ნერვიულობს ტრამპის არაპროგნოზირებადობაზე, უკრაინასა და ნატო-ს სხვა მოკავშირეებსაც იგივე სანერვიულო აქვთ. ისინი შიშობენ, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით მიაღწევს, არ დაასრულებს ომს, არამედ მხოლოდ გადაავადებს მას, რათა რუსეთს დრო მისცეს გადაჯგუფდეს შემდგომი ბრძოლისთვის.