აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თავის ახალ ადმინისტრაციაში ნიკი ჰეილისა და მაიკ პომპეოს არ მიიწვევს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
„მე არ მოვიწვევ ყოფილ ელჩს ნიკი ჰეილის ან ყოფილ სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს, შეუერთდნენ ტრამპის ადმინისტრაციას, რომელიც ამჟამად ფორმირდება. მე ძალიან მსიამოვნებდა და ვაფასებდი მათთან ადრე მუშაობას და მინდა მადლობა გადავუხადო მათ ჩვენი ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის”, - წერს ტრამპი.
ამერიკულ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ მაიკ პომპეომ ახალ ადმინისტრაციაში, შესაძლოა, თავდაცვის მდივნის თანამდებობა დაიკავოს.
მაიკ პომპეო ტრამპის წინა ადმინისტრაციის დროს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორისა და სახელმწიფო მდივნის თანამდებობებს იკავებდა, ნიკი ჰეილი კი გაერო-ში აშშ-ის ელჩად მსახურობდა. ჰეილი ასევე მონაწილეობდა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში.