კამალა ჰარისმა საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ მხარდამჭერებისადმი მიმართვისას, მოუწოდა, გული არ გაიტეხონ და ირწმუნონ, რომ ეს დამარცხება მხოლოდ წაგებული ბრძოლაა დემოკრატიული ღირებულებებისთვის ბრძოლაში, რომელიც აუცილებლად დამთავრდება გამარჯვებით.
ჰოვარდის უნივერსიტეტში ჰარისის სიტყვით გამოსვლას ესწრებოდნენ მისი ოჯახის წევრები და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ტიმ უოლცი.
”მე ვიცი, რომ ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ რთული დროება იწყება, მაგრამ ყველა ჩვენგანისთვის, მე ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ ეს ასე არ არის”, - თქვა მან და პირობა დადო, რომ ხელს შეუწყობს ტრამპის ადმინისტრაციისთვის ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებას.
ჰარისის თქმით, ამერიკელები არა რომელიმე პარტიის ან პრეზიდენტის, არამედ კონსტიტუციის, სინდისისა და ღმერთის ერთგულები უნდა იყვნენ.
„სწორედ ჩემი სამივესადმი ერთგულების გამო ვარ აქ. ვიდრე მე ვაღიარებ არჩევნებს, მე არ ვთმობ ბრძოლას, რამაც კამპანია გააძლიერა. ბრძოლას თავისუფლებისთვის, შესაძლებლობებისთვის, სამართლიანობისთვის და ყველა ადამიანის ღირსებისთვის. ყველა იდეისთვის ბრძოლა ჩვენი ერის გულშია, იდეებისთვის, რომელიც ასახავს ამერიკას ყველაზე კარგად. ეს არის ბრძოლა, რომელსაც არასდროს დავთმობ. არასოდეს დანებდეთ ბრძოლას მომავლისთვის, სადაც ამერიკელებს შეუძლიათ, განახორციელონ თავიანთი ოცნებები, ამბიციები და მისწრაფებები, სადაც ამერიკელ ქალებს ექნებათ თავისუფლება, მიიღონ გადაწყვეტილებები საკუთარ სხეულზე“, – განაცხადა ჰარისმა.
მისივე თქმით, ის ესაუბრა დონალდ ტრამპს და მიულოცა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება.
„მე ასევე ვუთხარი მას, რომ ჩვენ დავეხმარებით მას და მის ჯგუფს, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემაში. ამერიკის ფუნდამენტური პრინციპია – როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ვაღიარებთ შედეგებს. ეს პრინციპი სხვა პრინციპების მსგავსად განასხვავებს დემოკრატიას ტირანიისგან“, – თქვა ჰარისმა.
მან თავის ახალგაზრდა ამომრჩევლებს საგანგებო გზავნილით მიმართა.
„საარჩევნო კამპანიის დროს ხშირად ვიმეორებდი: თუ ბრძოლას გააგრძელებ, აუცილებლად გაიმარჯვებ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: ყველაფერი კარგად იქნება.
ყოველი ბრძოლის მოგება შეუძლებელია. მაგრამ დამარცხების აღიარება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საბოლოო გამარჯვება ჩვენი არ იქნება. იმიტომ, რომ საბოლოოდ ჩვენ აუცილებლად მოვიპოვებთ უპირატესობას და გავიმარჯვებთ, ვიდრე არ დავნებდებით და არ შევწყვეტთ ბრძოლას“, -თქვა ჰარისმა