რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, მოსკოვი იმუშავებს ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან რუსეთის მხოლოდ ეროვნული ინტერესების მტკიცე დაცვით.
ამასთან, განცხადების თანახმად, რუსეთი ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ე.წ. სპეცოპერაციის მიზნებზე ფოკუსირებით იმუშავებს.
"რუსეთი ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, როცა ის უკვე "ჩაეწერება" თეთრ სახლში, იმუშავებს რუსეთის ეროვნული ინტერესებისა და სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა მიზნის მიღწევის მტკიცე დაცვით. ჩვენი პირობები უცვლელია და ვაშინგტონში ეს ყველასთვის ცნობილია". - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 6 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში..
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ტრამპის გამარჯვება ასახავს ამერიკელების უკმაყოფილებას ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისა და დემოკრატიული პარტიის საარჩევნო პროგრამის მიმართ.
რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ ტრამპმა გაიმარჯვა დემოკრატების მიერ მის წინააღმდეგ დაწყებული „პროპაგანდისტული კამპანიის“ მიუხედავად, თუმცა ეს „არ უარყოფს ღრმა სამოქალაქო დაყოფას შეერთებულ შტატებში“.
ამავდროულად, რუსეთის ფედერაციას „არ აქვს ილუზიები“ ამერიკის არჩეულ პრეზიდენტთან დაკავშირებით, რომელიც „რუსეთში კარგად არის ცნობილი“.
„შეერთებულ შტატებში მმართველი პოლიტიკური ელიტა, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, ინარჩუნებს ანტირუსულ განწყობებს და „მოსკოვის შეკავების“ ხაზს.
"ჩვენ არ გვაქვს შექმნილი ილუზიები რუსეთისთვის კარგად ნაცნობი ამერიკის არჩეული პრეზიდენტისა და კონგრესის ახალი შემადგენლობის შესახებ, რომელშიც, წინასწარი მონაცემებით, რესპუბლიკელები ლიდერობენ. შეერთებულ შტატებში მმართველი პოლიტიკური ელიტა, მიუხედავად პარტიული მიკუთვნებულობისა, იცავს ანტირუსულ განწყობებს და "მოსკოვის შეკავების" კურსს". - წერია განცხადებაში.