ჩვენ ვიბრძვით არჩევნების შედეგების ბათილობისთვის. ამისთვის გამოვიყენებთ ყველა გზას, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ გვქონდა საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ქვეყანაში, როგორ ვხედავთ ოპოზიციური პარტიები და რა გეგმები გვაქვს. ეს გეგმები არ შეცვლილა. ჩვენ ვიბრძვით არჩევნების შედეგების ბათილობისთვის. ამისთვის გამოვიყენებთ ყველა გზას, სასამართლოებს და სავარაუდოდ, საკონსტიტუციო სასამართლოსაც, ასევე გამოვიყენებთ ქუჩას. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არჩევნები არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. ეს იცის მსოფლიოში ყველამ.
ბუნებრივია, რომ საერთაშორისო შესწავლა ამ არჩევნების მოხდება. მეოთხე პუნქტი ჩვენი ბოლო რეკომენდაციებისა ეხება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. რამდენად იყო ეს არჩევნები შესაბამისობაში ამ დათქმასთან, ეს ისედაც ცხადი და გასაგებია, მაგრამ ჩვენ მტკიცებულებებითაც ამას გავამაგრებთ. ახალი არჩევნები იქნება, ქართველი ხალხის ნება იქნება დაცული და რეალიზებული ახალი არჩევნების გზით.
არ გვისაუბრია იმაზე, პრეზიდენტს საპროტესტო მოძრაობა მოსწონს თუ არა. პრეზიდენტი არის კონსტიტუციური უფლებების გარანტი, მას ეს ვალდებულებაც აქვს, შესაბამისად, როდესაც ადამიანები კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას იყენებენ, არ მგონია, რომ ეს პრეზიდენტს არ მოსწონდეს", - ამბობს ნიკა გვარამია.