„მთავარი არხის“ თანადამფუძნებელი გიორგი რურუა თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის მონაწილეობით გამოიკითხა.
როგორც გამოკითხვის შემდეგ რურუამ ჟურნალისტებს განუცხადა, ტერორიზმზე და შეთქმულებაზე შეკითხვები არ დასმულა. თუ რა შინაარსის შეკითხვები დაისვა, ამაზე რურუა არ საუბრობს და განმარტავს, რომ გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი.
„გაუგებარია, ცირკია, შინაარსის გარეშეა დაკითხვა. ხელი მომაწერინეს გაუთქმელობაზე. არანაირი შეხება არც შეთქმულებასთან, არც ტერორიზმთან არ მაქვს. არანაირ ჩემს აქტიურობასთან არ იყო დაკავშირებული ეს გამოკითხვა. დაშინების მცდელობა იყო. არ არსებობს არანაირი საქმე. ეს იყო ყავაზე მკითხაობა. არანაირ ტერორიზმზე და შეთქმულებაზე შეკითხვები არ დასმულა. უკრაინა საერთოდ არ უხსენებიათ“, – განაცხადა გიორგი რურუამ.
გიორგი რურუა სუს-ში გამოკითხვაზე გუშინ, 5 ნოემბერს დაიბარეს. როგორც რურუა წერს, საქმე სახელმწიფო გადატრიალებისა და ძალადობრივი დამხობის მუხლებით მიმდინარეობს.