მსოფლიო ლიდერები დონალდ ტრაპმს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ.
მიუხედავად იმისა, რომ ხმის დათვლის პროცესი კვლავაც გრძელდება, ტელეარხ Fox News-ის პროგნოზით, დონალდ ტრამპმა საარჩევნო კოლეგიის 277 ხმა მოიპოვა, რითაც არჩევნებში გამარჯვება გაინაღდა, ტელეარხ CNN-ის პროგნოზით კი - 266.
ერთ-ერთი პირველი, ვინც დონალდ ტრამპს გამარჯვება აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი იყო.
"უდიდესი დაბრუნება შეერთებული შტატების პოლიტიკის ისტორიაში! ვულოცავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გრანდიოზულ გამარჯვებას, რომელიც მსოფლიოს ასე ძლიერ სჭირდებოდა, - განაცხადა უნგრეთის პრეზიდენტმა ვიქტორ ორბანმა.
სოციალურ ქსელში განცხადებები გაავრცელეს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ავსტრიის პრემიერ-მინისტრმა კარლ ნეჰამერმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და სხვებმა.
"გილოცავთ ისტორიაში უდიდეს დაბრუნებას! თეთრ სახლში თქვენი ისტორიული მობრუნება ამერიკისთვის ახალი დასაწყისის, და ისრაელსა და ამერიკას შორის დიადი ალიანსის მომასწავებელია", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მაკრონის თქმით, იგი მზადაა, ტრამპთან ერთად მუშაობისთვის.
"პრეზიდენტო დონალდ ტრამპ, გილოცავთ. მზად ვარ ვიმუშაოთ ერთად ისე, როგორც ამას ოთხი წლის განმავლობაში ვაკეთებდით, თქვენი და ჩემი რწმენით, პატივისცემითა და ამბიციით, მეტი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის".
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ სტარმერის განცხადებით, იგი მოუთმენლად ელის დონალდ ტრამპთან ერთად მუშაობას.
„გილოცავთ, არჩეულო პრეზიდენტო ტრამპ, თქვენს ისტორიულ გამარჯვებას არჩევნებში. მოუთმენლად ველოდები თქვენთან მუშაობას მომავალ წლებში. როგორც უახლოესი მოკავშირეები, ჩვენ მხარდამხარ ვდგავართ თავისუფლების, დემოკრატიის, ჩვენი საერთო ღირებულებების დასაცავად, ეკონომიკური ზრდიდან და უსაფრთხოებიდან – ტექნოლოგიებამდე და ინოვაციებამდე. მე ვიცი, რომ გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის განსაკუთრებული ურთიერთობები გააგრძელებს განვითარებას მომავალ წლებში ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, აშშ-სა და ევროკავშირის აკავშირებს პარტნიორობა, რომელიც 800 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს.
„გულთბილად ვულოცავ დონალდ ტრამპს. ევროკავშირი და აშშ უფრო მეტი არიან, ვიდრე უბრალოდ მოკავშირეები. ჩვენ გვაკავშირებს ჩვენი ხალხის ნამდვილი პარტნიორობა, რომელიც აერთიანებს 800 მილიონ მოქალაქეს. მოდით, ერთად ვიმუშაოთ ძლიერი ტრანსატლანტიკური დღის წესრიგზე, რომელიც მათ სარგებელს მოუტანს“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.
"ვულოცავ დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას. შეერთებული შტატები მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია ავსტრიისთვის. ჩვენ მოუთმენლად მოველით ჩვენი ტრანსატლანტიკური ურთიერთობების შემდგომ გაფართოებასა და განმტკიცებას გლობალური გამოწვევების ერთად, წარმატებით გადაჭრისთვის", - განაცხადა ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა.
დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა ნატო-ს გენერალური მდივანმა მარკ რუტემ.
„ახლახან მივულოცე დონალდ ტრამპს შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევა. მისი ხელმძღვანელობა კვლავ იქნება ჩვენი ალიანსის სიძლიერის შენარჩუნების გასაღები. მოუთმენლად ველი მასთან მუშაობას, რათა მშვიდობა გავაძლიეროთ ნატო-ს მეშვეობით“, - წერს მარკ რუტე.
დონალდ ტრამპს არჩევნებში "შთამბეჭდავი გამარჯვება" მიულოცა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
"ვაფასებ პრეზიდენტ ტრამპის ერთგულებას გლობალურ საკითხებში მისი მიდგომისადმი: "ძლიერებით მშვიდობისკენ". ეს სწორედ ის პრინციპია, რომელსაც უკრაინისთვის პრაქტიკულად სამართლიანი მშვიდობის მოტანა უფრო შეუძლია".
მოუთმენლად ველოდებით, ძლიერი ამერიკის ეპოქას პრეზიდენტ ტრამპის გადამწყვეტი ხელმძღვანელობით. ჩვენ ვეყრდნობით უკრაინისადმი შეერთებული შტატების განგრძობად ძლიერ ორპარტიულ მხარდაჭერას.
დაინტერესებულები ვართ, განვავითაროთ ორმხრივად სასარგებლო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა, რომელიც სასარგებლო იქნება ჩვენი ორივე ერისთვის. უკრაინა, როგორც ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი სამხედრო ძალა, ერთგულია ევროპასა და ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერით.
მოუთმენლად ველოდები, რომ პრეზიდენტ ტრამპს პირადად მივულოცო და განვიხილო უკრაინის აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების გზები“, – დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.