საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
"ვულოცავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არჩევნებში გადამწყვეტ გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობა ხელს შეუწყობს მშვიდობას გლობალურად და ჩვენს რეგიონში, ასევე უზრუნველყოფს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვას", - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც.
"გილოცავთ არჩევას, ბატონო პრეზიდენტო. ძლიერი აშშ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი 33 წლის განმავლობაში, ახლა საჭიროა, როგორც არასდროს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად, რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გასაძლიერებლად, ჩვენი თავისუფლებისა და დმოუკიდებლობის დასაცავად", - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.
წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატმა, რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპმა მოიპოვა ამომრჩეველთა კოლეგიის 277 ხმა და უზრუნველყო გამარჯვება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. დემოკრატ კანდიდატს, მოქმედ ვიცე პრეზიდენტს კამალა ჰარისს კი – 226 ხმა აქვს.
აშშ-ის საარჩევნო სისტემაში გადამწყვეტ როლს საარჩევნო კოლეგია თამაშობს, რომელშიც თითოეული შტატის წარმომადგენლობა დამოკიდებულია მოსახლეობის რაოდენობაზე. გამარჯვებისთვის ერთ-ერთმა კანდიდატმა 538-დან სულ მცირე 270-ის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს.