ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში უკრაინაში ომი დასრულდება უფრო ადრე, ჰარისის გამარჯვების შემთხვევაში, დამატებით რამდენიმე თვეს კიდევ გასტანს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში განაცხადა.
კობახიძის თქმით, აშშ-სთან და ევროკავშირთან მომავალი წლიდან ურთიერთობების გადატვირთვა ნებისმიერ შემთხვევაში დაიწყება
“რაც შეეხება ტრამპის და ჰარისის შესაძლო გამარჯვებას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში უკრაინაში ომი დასრულდება უფრო ადრე, ჰარისის გამარჯვების შემთხვევაში, დამატებით რამდენიმე თვეს კიდევ გასტანს. თუმცა ვფიქრობ, რომ ასეც და ისეც, ორივე შემთხვევაში, მომავალ წელს ომი აუცილებლად დასრულდება. ყველა შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ამერიკულ ადმინისტრაციაში, უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვა, რაც ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩვენ არ მოგვწონს ურთიერთობების ის მოცემულობა, რაც დღეს გვაქვს შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს, თუმცა მთავარია, ჩვენ შემხვედრი ნაბიჯები ვიხილოთ. როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი, ვფიქრობთ, თვისებრივად, არსებითად გადაიტვირთება ურთიერთობები, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება ამერიკულ ადმინისტრაციაში. გადატვირთვის დაწყების ვადაზე და თარიღზე უფრო მეტად არჩევნების შედეგებს ექნება გავლენა, მაგრამ რაც შეეხება გადატვირთვას, ვფიქრობ, მომავალი წლიდან ურთიერთობების გადატვირთვა ასეც და ისეც დაიწყება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.