დედაქალაქის მერი კახა კალაძე თეთრიწყაროს მოსამართალის ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილების მოტივს გაუგებარს უწოდებს და აცხადებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად მყარი მტკიცებულებების ქონაა საჭირო.
„მე მოვისმინე დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება და ის ვარაუდი, რაც იყო, აბსოლუტურად გამართლდა - არანაირი მტკიცებულება, არანაირი ფაქტები. რა მოტივით და კრიტერიუმებით იქნა მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება, აბსოლუტურად გაუგებარია. ასევე მოვისმინე, რომ ცესკო სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. როდესაც იღებ ასეთ გადაწყვეტილებას, ის უნდა იყოს დამყარებული კონკრეტულ მტკიცებულებებზე და ფაქტებზე, რომელმაც უნდა გაუძლოს ყველა ინსტანციას. დაველოდოთ, რა იქნება და როგორ იქნება. როდესაც მოვისმინე ამ მოსამართლის ოჯახის წევრების ინტერვიუები, ჩემთვის ყველაფერი ნათელი და ცხადი გახდა. არ შევდივარ დეტალებში. ვინც მოუსმენს ინტერვიუს, იმათთვისაც ყველაფერი ცხადი იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.