ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა, მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ხმის წინასწარ მიცემის უფლებით ისარგებლა. ჰარისმა, რომელიც 3 ნოემბერს მიჩიგანის შტატში იმყოფებოდა, ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ შევსებული საარჩევნო ბიულეტენი ფოსტით გაგზავნა თავის მშობლიურ კალიფორნიის შტატში.
შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების ძირითად დღემდე, 5 ნოემბრამდე, კენჭისყრაში წინასწარ მონაწილეობის უფლებით უკვე 25 მილიონზე მეტმა ამერიკელმა ისარგებლა. ნაწილმა ბიულეტენი ფოსტით გაგზავნა, ნაწილმა კი ხმა მისცა წინასწარი კენჭისყრის უბნებზე.
ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თავს მშვენივრად გრძნობს და „მოუთმენლად ელის მომდევნო 48 საათს, რომელსაც ის ამომრჩევლებთან კომუნიკაციაში გაატარებს“.
ჰარისის თქმით, ის ესაუბრება ხალხს იმის შესახებ, თუ რა არის სასწორზე, ქვეყნის მომავალი, კოალიციების შექმნა, ეკონომიკის გაძლიერება და მთლიანად ქვეყანა.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები სამშაბათს, 5 ნოემბერს გაიმართება. პარალელურად წინასწარი ხმის მიცემის პროცესი გრძელდება.