მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ, რომელიც 3 ნოემბერს მეორე ვადით ხელახლა აირჩიეს, განაცხადა, რომ მოლდოვამ ამ არჩევნების დროს უპრეცედენტო თავდასხმა განიცადა. სანდუმ ამის შესახებ საარჩევნო შტაბში განაცხადა.
„მოლდოვამ განიცადა უპრეცედენტო თავდასხმა მთელი ევროპის ისტორიაში: ბინძური ფული, ხმების მოსყიდვა, კრიმინალური დაჯგუფებების ჩარევა საარჩევნო პროცესებში, სიძულვილისა და შიშის გავრცელება ჩვენს საზოგადოებაში. მაგრამ ჩვენი ხალხი გაერთიანდა და მოქალაქეებმა გაიმარჯვეს“, - აღნიშნა სანდუმ.
სანდუმ ამომრჩეველს რუსულადაც მიმართა - მან თქვა, რომ მოისმინა იმ ადამიანების ხმა, ვინც მხარს უჭერდა მას და მათ, ვინც ხმა მისცა მის კონკურენტს, პრორუსული სოციალისტების პარტიის კანდიდატს ალექსანდრ სტოიანოგლოს. სანდუ პირობა დადო, რომ ყველას პრეზიდენტი იქნება.
„ღირსეული მომავლის არჩევისას არავინ წააგებს. ჩვენ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული აზრი, ვილაპარაკოთ სხვადასხვა ენაზე, მაგრამ ყველას გვინდა მშვიდობა, ურთიერთგაგება და ღირსეული ცხოვრება ჩვენი შვილებისთვის. ეს არის ჩემი მთავარი მიზანი მოლდოვისთვის უახლოეს წლებში. ჩვენ გვჭირდება საზოგადოების გაერთიანება“, - განაცხადა სანდუმ.
მანამდე, რუსეთის ჩარევაზე განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, სტანისლავ სეკრიერუმ. მისი ცნობებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რუსეთის მასობრივი ჩარევა მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, ამ დროისათვის მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ხმების 98.06 პროცენტია დათვლილი.
მოლდოვის ცესკო-ს მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუ იმარჯვებს ხმათა 54.47 პროცენტით. მის კონკურენტს, ალექსანდრ სტოიანოგლოს ხმათა 45.53 პროცენტი აქვს.