სამხრეთ კორეა განიხილავს ყველა შესაძლო სცენარს უკრაინის დახმარებისთვის რუსეთში, უკრაინის საზღვართან ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების გაგზავნის პარალელურად. განცხადება სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩო ტჰე-იოლმა გააკეთა და უპასუხა შეკითხვას, გაგზავნის თუ არა სეულო იარაღს კიევში.
Reuters-ის ცნობით, აღნიშნული განცხადება სამხრეთ კორეელმა მინისტრმა ოტავაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მან ხაზი გაუსვა, რომ სეული მონიტორინგს გაუწევს ომში ჩრდილოეთ კორეის ჯარების მონაწილეობის დონეს და დააკვირდება რას მიიღებს ფხენიანი მოსკოვისგან.
„კონკრეტულად, ჩვენ განვიხილავთ ომში {ჩრდილო კორეის} ძალების მონაწილეობის დონეს და რა სახის საფასურს მიიღებს მომსახურებისთვის ჩრდილოეთ კორეა რუსეთისგან. ამ ყველაფერს {ფაქტორებს} გავითვალისწინებთ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე“, - განმარტა მინისტრმა.
მანამდე სამხრეთ კორეის ანონიმმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ფხენიანი სავარაუდოდ მიიღებს "კომპენსაციას" მოსკოვისგან სამხედრო და სამოქალაქო ტექნოლოგიის სახით, რადგან ჩრდილოეთ კორეა ცდილობს ჯაშუშური თანამგზავრის გაშვებას და კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების მოდერნიზაციას.
შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, რუსეთმა ჩრდილოეთ კორაედან უკრაინის საზღვრებთან ათასობით ჯარისკაცი გაგზავნა. დაზვერვის მონაცემებით, საუბარია 7 ათასზე მეტ ჩრდილოეთ კორეელ ჯარისკაცზე.
ოქტომბრის ბოლოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ რუსეთში დაახლოებით 10 ათასი ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო იმყოფება, რომელთაგან დაახლოებით 8 ათასი კურსკის რეგიონშია. მათივე ცნობით, ეს კონტიგენტი უახლოეს დღეებში მონაწილეობას მიიღებს საომარ მოქმედებებში.