უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ რუსები კვლავ იყენებენ კომპონენტებს ჩინეთიდან, ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან შაჰედებისა და რაკეტებისთვის, რომლებიც გამოიყენება უკრაინაზე თავდასხმისთვის. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას ისაუბრა.
„ოქტომბერში 2 ათასზე მეტი „შაჰედი“ იყო გამოყენებული უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. ფაქტობრივად ყოველდღე.
„შაჰედების“ ეს რაოდენობა - ეს 170 ათასზე მეტი კომპონენტია, რომლებიც რუსეთში მიწოდებისთვის უნდა დაიბლოკოს.
მიკროსქემები, მიკროკონტროლიორები, პროცესორები, მრავალი სხვადასხვა ნაწილი, რომელთა გარეშე ეს ტერორი უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა.
ეს ყველაფერი რუსეთს საზღვარგარეთიდან მიეწოდება. და ეს, სამწუხაროდ, მოდის ჩინური, ევროპული, ამერიკული კომპანიებისგან - ძალიან ბევრი მიკროწვლილია მუდმივ რუსულ ტერორში.
ეს აბრუნებს მსოფლიოს ისევ და ისევ იმ ფაქტთან, რომ უფრო მეტად უნდა იმუშაოს სპეციალური ნაწილებისა და რესურსების ექსპორტის გასაკონტროლებლად.
იმისათვის, რომ რუსეთს არ მიეცეს საშუალება გვერდი აუაროს იმ სანქციებს, რომლებიც ამ ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ დიდი ხანია დაწესდა.
იგივე ხდება „შაჰედებსა“ და რუსულ რაკეტებთან დაკავშირებით. ყველა მათგანი შეიცავს სხვა ქვეყნებში წარმოებულ კომპონენტებს“, - განაცხადა ზელენსკიმ
უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა.
„სანქციების გვერდის ავლით ყველა სქემა არის დანაშაული ხალხისა და მსოფლიოს წინააღმდეგ.
და ეს არის მსგავსი სქემები, რომლებიც საშუალებას აძლევს რუსეთს ასევე დაეხმაროს ირანისა და ჩრდილოეთ კორეის რეჟიმების გაძლიერებას. ეს არის გლობალური საფრთხე. და მხოლოდ გლობალურ, სპეციალურ ზეწოლას შეუძლია ამის გადალახვა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.