ამერიკა ნამდვილად შიშობს, რომ [საქართველოს] არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი, - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ბრაიზას თქმით, ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მხრიდან გაკეთებული შეფასება სახელმწიფო დეპარტამენტიდან, კონგრესიდან და სენატიდან გაჟღერებული განცხადებების შემდეგ 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სერიოზული მესიჯია საქართველოს ხელისუფლებისთვის და ასევე საკმაოდ უჩვეულო ნაბიჯი ბაიდენის მხრიდან. ბრაიზას თქმით, არჩევნებიდან რამდენიმე დღეში, როგორც წესი, მისალოცი განცხადებები კეთდება და არა მსგავსი შინაარსის და ასეთი ტრიბუნიდან.
“როგორც წესი, დაახლოებით, ამ დროისთვის უკვე გაჟღერდებოდა მისალოცი გზავნილი. თუმცა, ის, რაც ახლა მოხდა, ნიშნავს იმას, რომ ამერიკა ნამდვილად შიშობს, რომ [საქართველოს] არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ვფიქრობ, დენ ტვინინგმა "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან" ძალიან კარგად განმარტა, რომ როდესაც მთავრობა ცვლის და არღვევს საარჩევნო წესებს, მაშინ ის ართმევს საკუთარ მოსახლეობას შანსს, რომ ხმა მისცეს, ან საკუთარი პოლიტიკური აზრი გამოხატოს. ეს კი დემოკრატიულ პროცესსში დემოკრატიას ვნებს”,- ამბობს ბრაიზა და ამატებს, რომ “ძალიან დიდი სიმბოლური ესკალაციაა, როდესაც განცხადებები სახელმწიფო დეპარტამენტიდან პრეზიდენტის დონემდე ავიდა. ეს საკმაოდ უჩვეულოა”.
შეგახსენებთ, ჯო ბაიდენის განცხადებაში ნათქვამია: „მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა, გააუქმოს ისეთი კანონები, როგორიც არის ე.წ. „უცხოური გავლენის კანონი“, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, და დაიწყოს დაუყონებლივ, ინკლუზიური დიალოგი საქართველოში ყველა პოლიტიკურ ძალასთან, არჩევნების მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით".