პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ ცესკო-ს კიდევ ერთხელ სთხოვს, რომ არჩევნებზე მისული ამომრჩევლების სია ნეიტრალურ პლატფორმას გადასცეს და ასევე, გაასაჯაროოს ამერიკულ კომპანია სმარტმატიკთან დადებული კონტრაქტი. პარტიის წევრის, ბექა ლილუაშვილის თქმით, ყოველი უპასუხო დღე რისკს ზრდის, რომ ელექტრონულ აპარატში არსებული ინფორმაცია წაიშალოს.
„დღევანდელი მდგომარეობით, ცესკო-ს წარმომადგენლებისა და „ქართული ოცნების“ ცალკეული პოლიტიკური პირების, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები, მიმართულია არა არჩევნების სისტემურ გაყალბებასთან დაკავშირებული ფაქტების განეიტრალებისკენ, რისი ერთ-ერთი გზაც, სწორედ, ზემოაღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნებაა, არამედ მიმართულია დროის გაჭიანურებისკენ!
დროის გაყვანის მცდელობას ადასტურებს ისიც, რომ ცესკოს ჯერ არ წარმოუდგენია „სმარტმატიკთან“ გაფორმებული ხელშეკრულება და ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა პროცედურის მარეგულირებელი დოკუმენტაცია, მათ შორის, არჩევნებში გამოყენებულ ელექტრონულ საშუალებებში არსებული ინფორმაციის დამუშავებასა და შენახვის ვადების მარეგულირებელი დოკუმენტაცია. ამ ინფორმაციის მოთხოვნით ჩვენ ცესკოს ორი დღის წინ მივმართეთ.
ამ არჩევნებზე, არჩევნების შედეგებზე სისტემურად ტექნოლოგიური მანიპულაციების დადასტურების ერთ-ერთი გზა, სწორედ, ამ ელექტრონულ საშუალებებში ინახება.
ყოველი უპასუხო დღე მნიშვნელოვნად ზრდის რისკებს, რომ ელექტრონულ საშუალებებში არსებული საინფორმაციო კვალი განადგურდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, კონტრაქტის მიხედვით, თავდაპირველად, რა ვადაში იყო ან/და ცვლილების შედეგად, ახლა რა ვადაში უნდა მოხდეს ელექტრონული საშუალებებიდან ინფორმაციის გასუფთავება.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დროულად წარმოადგინოს ინფორმაცია ელექტრონულ საშუალებებზე არსებული ინფორმაციის მართვის პროცედურასა და ვადებთან დაკავშირებით”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.