ვიცე-პრეზიდენტმა და აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა კამალა ჰარისმა ვაშინგტონში ათასობით ხალხს სიტყვით მიმართა არჩევნების წინ, რომელიც ზუსტად ერთ კვირაში გაიმართება.
”ერთ კვირაში გექნებათ საშუალება მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც პირდაპირ აისახება თქვენს ცხოვრებაზე, თქვენი ოჯახის ცხოვრებასა და ამ ქვეყნის მომავალზე, რომელიც ჩვენ გვიყვარს“, - თქვა მან სიტყვით გამოსვლისას“.
მისი თქმით, მოახლოებული არჩევნები „უფრო მეტია, ვიდრე არჩევანი ორ პარტიასა და ორ განსხვავებულ კანდიდატს შორის“.
"ეს არის არჩევანი იმის შესახებ, გვექნება თუ არა ქვეყანა, რომელიც დაფუძნებულია თავისუფლებაზე ყველა ამერიკელისთვის, თუ ქვეყანა, რომელსაც მართავს ქაოსი და განხეთქილება. დრო მოვიდა, ამერიკელი ლიდერების ახალი თაობისთვის," - თქვა ჰარისმა.
როგორც BBC აღნიშნავს, აქციის ადგილი შემთხვევით არ იყო შერჩეული. ის თეთრი სახლის გვერდით მდებარეობს და ცნობილია როგორც ელიფსის პარკი.
ამ ადგილზე, 2021 წლის 6 იანვარს, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა, ისაუბრა თავის მხარდამჭერებთან, ვიდრე ზოგიერთი მათგანი კაპიტოლიუმში შეიჭრებოდა.
ჰარისმა თქვა, რომ ტრამპი "იდგა ზუსტად ამ ადგილას, თითქმის ოთხი წლის წინ და გაგზავნა შეიარაღებული ბრბო კაპიტოლიუმში, რათა დაემორჩილებინა ხალხის ნება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, რადგან იცოდა, რომ მან წააგო ის [არჩევნები]".
”ეს არის ადამიანი, რომელიც არის არასტაბილური, შურისძიებითა და შეუზღუდავი ძალაუფლების წყურვილით შეპყრობილი,” - დასძინა ჰარისმა.
ჰარისის საარჩევნო შტაბის შეფასებით, აქციას 75 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.