ამერიკული გამოცემა New York Times-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი "გამარჯვების გეგმის" საიდუმლო ნაწილში აშშ-ის Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები მოსთხოვა.
გაზეთის წყაროს თქმით, აშშ-ის ხელისუფლებამ ეს მოთხოვნა უარყო, როგორც სრულიად არარეალური, როგორც პოლიტიკური, ასევე ობიექტური მიზეზების გამო.
Tomahawk-ის მოქმედების მანძილი 2400 კმ-ზე მეტია. უკრაინის ტერიტორიიდან ეს რაკეტები მთლიანად მოიცავდა რუსეთის მთელ ევროპულ ნაწილს და დიდ ტერიტორიას ურალის მიღმა, ომსკის ოლქის დასავლეთ რეგიონებამდე.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, შეერთებული შტატები უპირველეს ყოვლისა პოლიტიკური მიზეზების გამო, უკრაინას ნებას არ რთავს, დაარტყას ტერიტორიის სიღრმეში ამერიკული ATACMS-ის ტაქტიკური რაკეტებითაც კი, რომელთა მოქმედების მანძილი ექვს-შვიდჯერ ნაკლებია.
ამასთან, რუსეთში შესაძლო სამხედრო სამიზნეების რაოდენობა ბევრად აღემატება ამერიკის მიერ თეორიულად გადასაცემი რაკეტების რაოდენობას, ისე, რომ არ შემცირდეს ამერიკის თავდაცვის ძალების შესაძლებლობები.
წყაროს თქმით, ზელენსკის ჩანაფიქრით, Tomahawk-ის რაკეტების უკრაინაში განლაგება რუსეთის „არაბირთვული შეკავების“ სტრატეგიის ელემენტი უნდა ყოფილიყო.
ოფიციალურ კიევს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი NYT-ის აღნიშნულ ინფორმაციაზე.