აშშ გმობს საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების პროცესში საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. აღნიშნული განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ბლინკენის შეფასებით, არჩევნებზე აქტივობა ცხადყოფს დემოკრატიისადმი ქართველი ხალხის დამოკიდებულებას, თუმცა, საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ წინასაარჩევნო გარემო ხასიათდებოდა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების მოსყიდვითა და ამომრჩეველთა დაშინებით.
„2024 წელს საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ წინასაარჩევნო გარემო, ხასიათდებოდა მმართველი პარტიის მიერ საჯარო რესურსების არამიზნობრივი გამოყენებით, ხმების მოსყიდვით და ამომრჩეველთა დაშინებით, რამაც ხელი შეუწყო არათანაბარი პირობების შექმნას და ძირი გამოუთხარა საზოგადოებისა და საერთაშორისო ნდობას სამართლიანი შედეგის შესაძლებლობის მიმართ.
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები თანხმდებიან, რომ არჩევნების დღე ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, ჩვენ აღვნიშნავთ დარღვევებისა და სპორადული ძალადობის შესახებ ანგარიშებს.
საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ, რომ შედეგები თავისუფალი და სამართლიანი იყო.
ჩვენ ვგმობთ საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევის სრული გამოძიების შესახებ.
სამომავლოდ, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, პატივი სცენ კანონის უზენაესობას, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ერთად გადაჭრან საარჩევნო პროცესში არსებული ხარვეზები. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნები, რომლებიც ქვეყნის კონსტიტუციაშია ჩადებული, მოითხოვს, რომ მთავრობამ პატივი სცეს სამოქალაქო საზოგადოების წევრების უფლებებს და ყველა ქართველი მოქალაქის ფუნდამენტურ თავისუფლებებს“, – ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.