საარჩევნო უბანზე არჩევანი გააკეთა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ.
მან მოქალაქეებს საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ მოუწოდა.
„დღეს არის მნიშვნელოვანი დღე. პირველ რიგში, მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვთხოვო, რომ აუცილებლად მივიდნენ საარჩევნო უბნებზე. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ვერავინ ვერასოდეს ვერ გაიგებს, თუ ვის მიეცით ხმა. რაც მთავარია ყველამ ხმა უნდა მივცეთ ქვეყნის დაბრუნებას ნორმალურ მდგომარეობაში. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალური, დემოკრატიული, თავისუფალი, სამართლიანი, ევროპული განვითარების გზას, იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი არჩევანი, ეს არის ჩვენი წინაპრების და შვილების არჩევანი.
დარწმუნებული ვარ იმაში, რომ დღეს საქართველო გაიმარჯვებს. დარწმუნებული ვარ და ძალიან მინდა, რომ ამ არჩევნების შემდეგ არავინ დარჩეს დამარცხებული. მე დარწმუნებული ვარ და ძალიან მინდა, რომ შევძლოთ ისე ავმაღლდეთ ჩვენს დაპირისპირებაზე, რომ ამ არჩევნების შემდეგ არ იყოს შურისძიება და ყველა მხარე შეთანხმდება იმაზე, რატომ თავისუფალი, დემოკრატიული სამართლიანი არჩევნები არის ყველასთვის გამოსავალი. ეს არის გზა, საითაც ეს ქვეყანა 30 წელი მიდის.” - განაცხადა გახარიამ.