ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი ატლანტიკური საბჭოს ორი თბილისელი მკვლევრის სახლებში ჩატარებულ ჩხრეკებს ეხმიანება.
მისი თქმით, მსგავსი ფაქტები არჩევნებამდე ორი დღით ადრე განსაკუთრებულად საგულისხმო და შემაშფოთებელია.
„შემაშფოთა საქართველოს პროკურატურის მიერ, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში ჩატარებულმა რეიდებმა. ისინი არიან ატლანტიკური საბჭოს მკვლევრები, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ რუსული დეზინფორმაციის გამოსავლენად და საქართველოს სუვერენიტეტის გასაძლიერებლად. გავიგე, რომ პროკურატურამ მკვლევრებს ელექტრონული აღჭურვილობა, მათ შორის, ქალბატონ გელავას შვილის კომპიუტერი ჩამოართვა.
ცალსახად ვგმობ რეიდებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ ეს მოხდა კრიტიკულ ეროვნულ არჩევნებამდე ორი დღით ადრე. დარწმუნებული ვარ, რეიდები არანაირ შედეგს არ მოიტანს, გარდა იმისა, რომ დამტკიცდება - ქალბატონი ბუზიაშვილი და ქალბატონი გელავა თავიანთი ქვეყნის პატრიოტები არიან. პასუხისმგებლობა უნდა დადგეს მათი, ვინც პროკურატურაში ძალაუფლებას გადააჭარბა", - წერს უილსონი.