საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მთავარი დაბრკოლება მისი ხელისუფლებაა. რუსეთის ამ გეგმას ჩვენი მოსახლეობა 26 ოქტომბერს დაასრულებს, - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ – „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი წერეთელმა ევროსაბჭოს განცხადებასთან დაკავშირებით.
„დღეს მთელი ცივილიზებული მსოფლიო ცდილობს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი გადაარჩინოს და ყველაფერს აკეთებს ამისთვის. წლების განმავლობაში ისინი მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ აცდენილიყო ქვეყანა სწორედ ამ ევროპულ ტრაექტორიას, გატარებულიყო რეფორმები, ყოფილიყო დემოკრატიული კონსოლიდაცია ქვეყანაში, ნორმალური არჩევნების ჩატარების პერსპექტივა ყოფილიყო და მაქსიმალურად დისტანცირება მომხდარიყო რუსეთისგან. სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ყველაფერს საპირისპიროდ აკეთებდა და ჩვენ დღეს მივიღეთ შედეგი, როდესაც ქვეყანა პრაქტიკულად იზოლირებულია, როდესაც ხელისუფლებასთან წამყვანი დემოკრატიული ქვეყნების ლიდერები აღარ ურთიერთობენ, დასავლური ინსტიტუტები ყოველდღიურად უაღრესად კრიტიკულ და შემაშფოთებელ გზავნილებს აწვდიან ხელისუფლებას, ეს ეხება როგორც რუსულ კანონს და მის აღსრულებას, ასევე ეხება დამოკიდებულებას ოპოზიციასთან, მედიასთან და ა.შ. ყველაფერი ეს საბოლოო ჯამში იწვევს იმას, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, ეს არის საქართველოს ევროატლანტიკური გზის ჩაკეტვა, ამ პროცესის შეჩერება, ახლა უკვე წინასაარჩევნოდ ხდება საბოლოო გაფრთხილება ხელისუფლების, რომ მან ხელი აიღოს რაიმე იმგვარ ქმედებაზე, რაც საბოლოო წერტილს დაუსვამს ჩვენს მომავალს დასავლეთში და საქართველოს ისევ რუსულ ორბიტაზე დააყენებს. მთავარი ჩამკეტი საქართველოს დასავლური მომავლის არის სწორედ მისი ხელისუფლება და ეს არის სწორედ რუსეთის გეგმა, რომლის რეალიზაციის მცდელობაც არის დღეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენი მოსახლეობა, რომელსაც კარგად ესმის სად არის საქართველოს ადგილი და ის, რომ სწორედ კეთილდღეობა უნდა ამჯობინოს იზოლაციას და სიღარიბეს, აუცილებლად დაასრულებს ამ პროცესს 26 ოქტომბერს.“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.
შეგახსენებთ, ევროპულმა საბჭომ მიიღო დოკუმენტი, რომლის თანახმად, "მთავრობის კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს".