აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ომის დაწყება არ უნდა დაეშვა, თუმცა აღნიშნა, რომ აგრესოსი მხარე რუსეთი იყო. ამის შესახებ ტრამპმა ამერიკელი იუთუბერის, პატრიკ ბეტ-დევიდის პოდკასტში ისაუბრა, რომელიც Youtube-ის არხზე 17 ოქტომბერს გამოქვეყნდა.
პოდკასტში საუბრისას, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ უწოდა ზელენსკის "ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვაჭარი, რომელიც ოდესმე მინახავს". მისი თქმით, ზელენსკიმ მოახერხა აშშ-ისგან მიეღო თანხები, რამდენიც აქამდე არავის მიუღია.
"ისტორიაში კიდევ ვინ მიიღო ამდენი ფული?" - იკითხა ტრამპმა. "ეს არასდროს მომხდარა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე არ მსურს დავეხმარო მას, რადგან მე ნამდვილად თანავუგრძნობ ამ ხალხს (უკრაინელებს)", - თქვა ტრამპმა.
ამავდროულად, დონალდ ტრამპმა უკრაინაში რუსეთის მიერ ომის გაჩაღების პროვოცირებაში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაადანაშაულა.
2022 წლის თებერვალში ომის დაწყებიდან, ბაიდენის ადმინისტრაციამ კიევს 50 მილიარდ დოლარზე მეტის ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია.
დონალდ ტრამპს არაერთხელ განუცხადებია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, უსწრაფესად დაასრულებს უკრაინაში გაჩაღებულ ომს, თუმცა როგორც, ამის შესახებ არაფერი უთქვამს.