ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი ადასტურებს, რომ „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი მოკლულია.
„მასობრივი მკვლელობების ჩამდენი იაჰია სინვარი, რომელიც პასუხისმგებელია 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტასა და სისასტიკეებზე, დღეს ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედროებმა მოკლეს. ეს არის ისრაელისთვის დიდი სამხედრო, მორალური მიღწევა და მთელი თავისუფალი მსოფლიოს გამარჯვება რადიკალური ისლამის ბოროტების ღერძზე, რომელსაც ირანი ხელმძღვანელობს“, – ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.
კაცი ამბობს, რომ სინვარის ლიკვიდაცია „შექმნის შესაძლებლობას“ მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისა და „ჰამასისა“ და ირანის კონტროლისგან თავისუფალი ღაზას შექმნისთვის.
შეგახსენებთ, ისრაელელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი, სავარაუდოდ, დაიღუპა ღაზის სექტორში ისრაელის ძალების მოქმედებების შედეგად.
ისრაელის თავდაცვის ძალებს არ გაუმჟღავნებია ოფიციალური დეტალები იმის შესახებ, თუ სად და როდის ჩატარდა ოპერაცია. ისრაელელი სამხედროების განცხადებით, დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.
იაჰია სინვარი დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერად გამოცხადდა თეირნში მისი წიამორბედის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ. მანამდე ის იყო ღაზის სექტორში დაჯგუფება „ჰამას“ ხელმძღვანელი. სინვარი ისრაელის მიერ ძებნილთა სიაში პირველ ადგილზე იყო. ქვეყნის სეპცსამსახურები მიიჩნევდნენ, რომ სწორედ ის იყო ისრაელის დასახლებებზე 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის დაგეგმვისა და აღსრულების ორგანიზატორი.