პოლიტიკური პოლარიზაცია ავტოკრატიით მთავრდება, - ასე პასუხობს NDI-ის ყოფილი დირექტორი, ლორა თორნტონი ირაკლი კობახიძის განცხადებას ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით.
„დიახ, პოლიტიკური პოლარიზაცია ნამდვილად მთავრდება ავტოკრატიით და როდესაც მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიაა, როგორც ჩრდილოეთ კორეაში, მაგალითად, პოლარიზაციაზეც აღარ იქნება სანერვიულო".- წერს თორნტონი.
დღეს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარტიების აკრძალვის ლოგიკური გაგრძელება იქნება ოპოზიციის მანდატების შეწყვეტაც.
„რეალურად, სუბიექტების მრავალრიცხოვნება არც გვაქვს. არის თვითონ „ნაცმოძრაობა“, რომელშიც შედის დამატებით რამდენიმე პარტია, ერთად გადიან ამ არჩევნებში. ასევე, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ განეკუთვნება „ახალი“, „გირჩი“, „დროა“. ყველა ამ პოლიტიკოსს, ლიდერს, წარსული დაკავშირებული აქვს „ნაცმოძრაობასთან“ და ყველა ამ პოლიტიკოსს აქვს აწმყო დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“.
"ლელო", რომელიც პირდაპირ იყო ჩართული ბიზნესის რეკეტში და ეს უნდა იყოს გამოძიების ერთ-ერთი საგანი, პირდაპირ, ნაცმოძრაობის რეჟიმთან ერთად ამ პოლიტიკური ძალის ლიდერები იყვნენ ჩართული ბიზნესის რეკეტში, რაზეც ასევე უნდა აღსრულდეს სამართალი. თქვენ იცით კონსტანტას საქმესთან დაკავშირებით ბრალდებები, მაგნატის საქმესთან დაკავშირებული ბრალდებები, ელიტელექტრონიქსთან დაკავშირებული ბრალდებები და ა.შ.. პირდაპირ ღამით ხდებოდა ბიზნესების გადაფორმება და სესხის ხელოვნურად აღება ბანკების მეშვეობით.
გახარია, რომელსაც აქვს შექმნილი კოალიცია ნაცმოძრაობასთან 4 მუნიციპალიტეტში, პირდაპირ ალიანსშია კრიმინალურ-პოლიტიკურ ძალასთან. შეიძლება, პროკურატურაში აღიძრას კონკრეტული საქმეები, რაზეც ჩვენ საჩივარი შეიძლება, მოვამზადოთ. შეიძლება, საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნას. შეიძლება, საკონსტიტუციო სასამართლოში აღიძრას შესაბამისი პროცესი. რეალურად, ყველა ეს სუბიექტი არის ერთი პოლიტიკური ძალა.
მე ვფქირობ, რომ თუ საქმე ეხება სარჩელს, პარტიის აკრძალვის ლოგიკური გაგრძელება იქნება მანდატების შეწყვეტაც. ამიტომ, სამართლებრივი საჩივარი, თუ სარჩელი იქნება სათანადოდ დასაბუთებული და დამტკიცდება, რომ კონკრეტული ძალები ერთად, კოლექტიური ნაცმოძრაობა ერთად ემსახურება დანაშაულებრივ საქმიანობას", - განაცხადა კობახიძემ.