უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას წარუდგინა „გამარჯვების გეგმა“, რომელიც 5 პუნქტისგან შედგება.
ზელენსკის თქმით, სამშვიდობო გეგმის განხორციელება დამოკიდებულია უკრაინის პარტნიორებზე და არა რუსეთზე.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი არ ეძებს სამართლიან მშვიდობას, აგრესორი სახელმწიფოს მმართველი ვლადიმირ პუტინი გაგიჟდა და ომი უნდა, ის პირადად არ შეიცვლება, ის ყრუა ყველასთვის.
ზელენსკის თქმით, უკრაინამ და მისმა პარტნიორებმა ერთად უნდა შეცვალონ გარემოებები ისე, რომ ომი დასრულდეს, რათა რუსეთის ფედერაცია აიძულონ მშვიდობის დამყარებისკენ.
„გამარჯვების გეგმის“ პირველი პუნქტი ითვალისწინებს უკრაინის დაუყოვნებლივ მიწვევას ნატო-ში, რისთვისაც პარტნიორების გადაწყვეტილებაა საჭირო;
მეორე პუნქტში საუბარია ომის რუსეთის ტერიტორიაზე გადატანაზე, რათა შეიცვალოს რუსეთის მოქალაქეთა განწყობა, ასევე მოკავშირეების ჩართვაზე უკრაინის საჰაერო სივრცეში რუსული რაკეტებისა და დრონების ჩამოგდებაში და უკრაინის მიერ დასავლური შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნაზე;
მესამე პუნქტი გულისხმობს უკრაინაში „კომპლექსური არაბირთვული სტრატეგიული შეკავების პაკეტის“ განთავსებას, რაც საკმარისი იქნება ქვეყნის მომავალში დასაცავად. ამ პუნქტს აქვს საიდუმლო დანართი, რომელიც დასავლელ პარტნიორებს გადაეცათ. ამ პუნქტში საუბარია ასევე დასავლეთის მიერ უკრაინაში იარაღის წარმოების დაფინანსებაზე;
მეოთხე პუნქტი ითვალისწინებს უკრაინის შეთანხმებას მოკავშირეებთან, ევროკავშირსა და აშშ-თან უკრაინაში მრავალი ქვეყნისთვის საინტერესო ძვირფასი რესურსების, კერძოდ, ურანის, ტიტანისა და ლითიუმის მოპოვებაში ინვესტიციების დაბანდების შესახებ, რაც ყველა მხარისთვის სასარგებლო იქნება;
გეგმის მეხუთე პუნქტი გათვლილია ომის შემდგომ პერიოდზე და ითვალისწინებს უკრაინელი სამხედროების გამოცდილების გამოყენებას ნატო-სა და მთელი ევროპის უსაფრთხოების გასაძლიერებლად.
ცნობისთვის, 17-18 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი „გამარჯვების გეგმას“ ევროპულ საბჭოს წარუდგენს.
გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტი ევროპის დედაქალაქებში იმყოფებოდა, სადაც მან გეგმის დეტალები ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერებს გააცნო.