მხოლოდ თაღლითმა შეიძლება, შესთავაზოს საზოგადოებას 1000-ლარიანი პენსიის დაპირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 1000-ლარიანი პენსიის დაპირება თავად ოპოზიციამ გააცამტვერა, თუმცა მამუკა ხაზარაძე ჯიუტად მაინც არ იშლის თავისას.
„მხოლოდ თაღლითმა შეიძლება შესთავაზოს ასეთი დაპირება საზოგადოებას. ის არის სასამართლოს მიერ აღიარებული როგორც თაღლითი და თავად ცდილობს, რომ მორიგი არგუმენტები წარმოადგინოს ამ სტატუსის სასარგებლოდ. 1000-ლარიანი პენსია ნიშნავს, რომ ჯამში 10 მილიარდი ლარი უნდა იყოს გამოყოფილი ბიუჯეტში. ამ დროს თქვენ იცით, რომ ხაზარაძეს აქვს კონკრეტული დაპირება, მას სურს, საქართველომ რუსეთს დაუწესოს სანქციები, რაც ნიშნავს იმას, რომ პირველივე წელს სულ მცირე 10-პროცენტიანი ვარდნა ექნება ჩვენს ქვეყანას. მეორე წელი, საუკეთესო შემთხვევაში, დასჭირდება ამ ვარდნის უკან შემობრუნებას. ასეთ პირობებში როცა იძლევა 1000-ლარიანი პენსიის დაპირებას, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ თაღლითობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.