„ქართული ოცნების“ წევრი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.
"ეს არც დიპლომატიურ სტანდარტში ჯდება და - ერთი ქვეყნის ელჩი თავს იმის უფლებას არ უნდა აძლევდეს, რომ პირველ რიგში, ქართველი ხალხის წინაშე და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ მსგავსი ტონით ისაუბროს. თუ ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ისინი აქ ბატონები არიან, ძალიან ცდებიან. ჩვენ ამაყი და თავისუფალი ერი ვართ და ასეთ განცხადებებს არასოდეს მივიღებთ და შევეგუებით.
ვხედავთ, გარე აქტორებს იმის მცდელობა აქვთ, რომ ჩვენს საარჩევნო პროცესებში პირდაპირ ჩაერიონ და ამით მის შედეგებზე გავლენა მოახდინონ. მაგრამ, რეალურად, ეს მცდელობები და ქმედებები მათთვისვე კონტრპროდუქტიული იქნება და ეს სამართლიანიც არის. ერთადერთი შედეგი, რაც დადგება, არის ის, რომ ქართულ ოცნებას დაეხმარებიან იმაში, რომ არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობა უფრო მტკიცედ და მაღალი ლეგიტიმაციით მოვიპოვოთ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის და სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება". - თქვა იონათამიშვილმა.
გერმანიის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი სავარაუდოდ კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც მან გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრს, ანა ლირმანს "კუბილიუსი კაბაში" უწოდა.
"დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა" - დაწერა ფიშერმა X-ზე.