ნატო-ს არ ეშინია რუსეთის მუქარის და გააგრძელებს კიევის ძლიერ მხარდაჭერას. ამის შესახებ განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ გერმანიის ქალაქ ვისბადენში, სადაც უკრაინის დახმარების მთავარი საკოორდინაციო ცენტრი უნდა განთავსდეს.
”გზავნილი [რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ] არის ის, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ყველაფერს, რაც საჭიროა, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის[პუტინი] ვერ მიაღწევს თავის მიზნებს და უკრაინა გაიმარჯვებს”, - თქვა მან Reuters-თან ინტერვიუში.
დაგეგმილია, რომ ვისბადენში, ცენტრი NATO Security Assistance and Training for Ukraine (NSATU), ეტაპობრივად აიღებს თავის თავზე კიევისთვის დასავლეთის სამხედრო დახმარების კოორდინაციას.
Reuters აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი ბევრის მიერ განიხილება, როგორც დახმარების მექანიზმის დაცვის მცდელობა თეთრ სახლში რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის შესაძლო დაბრუნების შემდეგ
სავარაუდოდ, ცენტრის შემადგენლობა დაახლოებით 700 ადამიანი იქნება, მათ შორის უკრაინელი სამხედრო პერსონალი და დანაყოფები, რომლებიც განლაგებულია ნატო-ს ობიექტებში ბელგიაში, პოლონეთსა და რუმინეთში.
ამასთან, Reuters აღნიშნავს, რომ ვისბადენის ბაზაზე ასევე იმყოფება ამერიკული ქვედანაყოფი, რომელიც პასუხისმგებელია შორი დისტანციის რაკეტებზე, რომელთა განთავსებასაც ვაშინგტონი გეგმავს გერმანიაში 2026 წლიდან, რათა დაუპირისპირდეს რუსული რაკეტების შესაძლო საფრთხეს კალინინგრადის ოლქიდან.