გივი თარგამაძე საქართველოს პროკურატურის მიერ, 11 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებას და მისი მკვლელობის მცდელობის შესახებ, საქმის ახალ დეტალებს ეხმიანება.
მისი თქმით, დანაშაულებრივ სქემაში სხვა პირების გამოჩენით კიდევ უფრო ნათელი ხდება ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის როლი მისი მკვლელობის მცდელობის საქმეში.
"ცინიზმია, რომ ერთი ტერაქტით უნდათ ორ არჩევნებზე ზემოქმედების გაწევა. ესე არ გამოვა. რასაც მე ვედავებოდი, კონკრეტული პირების მონაწილეობას ჩემს საქმეში და ისინი უარყოფდნენ. ეს დაადასტურეს, ანუ, თურმე ჭიჭიაშვილი, აბრამიშვილი და ეს ყველანი მონაწილეობდნენ და ისინი იძახდნენ რომ არა. დღეს თქვეს რომ კი, თურმე მონაწილეობდნენ ნამდვილად. ამის დადასტურებით მათ დამიდასტურეს, რომ ღარიბაშვილი, მისი სიმამრი თამაზაშვილი, ამაში მონაწილეობდნენ, იმიტომ რომ თამაზაშვილი იყო შევარდნაძის დროიდან დაწყებული ზედა მეთვალყურე ამ ბანდიტური ჯგუფის და მეკავშირე, ეგ იყო ყოველთვის. მუშაობდნენ რუსებზე, ამიტომ რუსების მონაწილეობა ჩემზე თავდასხმაში ჩემთვის ნათელია სრულებით," - გნაცხადა „მთავარ არხთან“ საუბრისას გივი თარგამაძემ.
11 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა.
უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 19 სექტემბერს დააკავეს 2016 წლის 4 ოქტომბერს დამამძიმებელ გარემოებებში გივი თარგამაძის და სხვა პირების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ძებნილი დარჩო ხეჩუაშვილი - აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გამოკითხა მსჯავრდებული დარჩო ხეჩუაშვილი, რომელმაც გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა.