საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა უკრაინასთან წაგებული (0:1) მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მიხაილო მუდრიკის დარტყმის მოგერიებაში ხელი მოედნის საფარმა შეუშალა.
„ჩემი აზრით, უკეთესად თამაში შეგვეძლო, მაგრამ მოედანის საფარმა ამის საშუალება არ მოგვცა – გაზონი საშინელ მდგომარეობაში იყო, ფეხი ძალიან სრიალებდა და მუდრიკის დარტყმის მომენტში ვერ გადავხტი, თორემ შეიძლებოდა იმ ბურთის აღება.
არ ვფიქრობ, რომ უკრაინელებთან კონცენტრაციის პრობლემა გვქონდა, რადგან ყველა მონდომებული ვიყავით. მნიშვნელოვანი იყო გულშემატკივრების მხარდაჭერა, რომლებიც მთელი თამაში არ გაჩერებულან და მათ მინდა, მადლობა გადავუხადო – თბილისში ალბანეთთან ვეცდებით, აუცილებლად გავახაროთ.
წარმატებული სერია გვქონდა, თითქმის ყველა თამაში მოვიგეთ. ამიტომ ახლა გუნდისთვის მნიშვნელოვანია, ეს წაგება მალე დავივიწყოთ, მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს შორის არსებული ერთსულოვნება შევინარჩუნოთ და ერთად გავაგრძელოთ დასახული მიზნისკენ სვლა“, - თქვა მამარდაშვილმა.