რადიკალურ ოპოზიციაში არის სრული ისტერიკა, არ გამოვრიცხავთ ისეთ უმძიმეს პროვოკაციებსაც კი, როგორიც იყო გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„არ გამოვრიცხავთ ისეთ უმძიმეს პროვოკაციებსაც კი, რომლებიც დაიგეგმა 2016 წელს. შეგახსენებთ, 2016 წლის არჩევნებამდე სამი დღით ადრე სცადეს გივი თარგამაძის მკვლელობა, ააფეთქეს მისი ავტომობილი, საბედნიეროდ, ეს დანაშაული დასრულდა მსხვერპლის გარეშე. ჩვენ არ გამოვრიცხავთ ასეთ პროვოკაციას და დანაშაულსაც კი, რადგან რადიკალურ ოპოზიციაში არის სრული ისტერიკა. მათ აქვთ ზუსტი მონაცემები, რომ მხოლოდ ორ პარტიას აქვს რეალური პერსპექტივა, გადალახოს საარჩევნო ბარიერი და მათი შედეგიც არის 20 %-ზე ოდნავ მეტი. წარმოიდგინეთ, რამხელა სხვაობაზეა საუბარი, აქეთ არის 60%, იქით დაახლოებით 20%, ასეთ პირობებში საკონსტიტუციო უმრავლესობაც არის აბსოლუტურად რეალური „ქართული ოცნებისთვის“.
თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორი ისტერიკაა ახლა „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ პარტიულ ოფისებში. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ვერავითარი ტიპის პროვოკაციას და დანაშაულს ვერ გამოვრიცხავთ. სხვათა შორის, მსგავსი ტიპის ბრიფინგი ჩავატარე, დაახლოებით ერთი თვის წინ და მაშინ ერთ-ერთი მაგალითი, რაც გავიხსენე, იყო სწორედ თარგამაძის მკვლელობის მცდელობა. საინტერესო და უცნაურია, რომ აქედან ცოტა ხანში ე.წ. მწვანე საზღვრის გადმოკვეთას ცდილობს სწორედ ის ადამიანი, რომელიც არის ბრალდებული ამ საქმეში. წარმოიდგინეთ, 18 წელი გემუქრება ქვეყანაში, ასეთ რისკზე მიდიხარ და შემოდიხარ მწვანე საზღვარზე. ასეთ შემთხვევაში შეიძლება ერთადერთი რამ მოხდეს, ხარ შანტაჟის ქვეშ და გაქვს მორიგი დავალება მიღებული, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება დამტკიცება გამოძიების საფუძველზე, მაგრამ ეს ლოგიკური დასკვნები არის, მგონი, ძალიან სამართლიანი და ეფუძნება კონკრეტულ გარემოებებს“, – აღნიშნა კობახიძემ.