იმპიჩმენტს აქვს არსებითად სიმბოლური დატვირთვა, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოღალატემ არ დატოვოს სტანდარტულად პრეზიდენტის თანამდებობა. მან ეს თანამდებობა უნდა დატოვოს, როგორც კონსტიტუციის დამრღვევმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მიიღებს ას მანდატზე მეტს საქართველოს პარლამენტში, პირველი სხდომის გამართვის შემდეგ განხორციელდება პრეზიდენტის იმპიჩმენტი.
„სალომე ზურაბიშვილს აქვს ორი პარასკევი დარჩენილი თავის თანამდებობაზე. იმპიჩმენტის წესით მოხდება მისი გადაყენება ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში, იმის მიხედვით, თუ როდის ჩაინიშნება პარლამენტის პირველი სხდომა. აქედან გამომდინარე, მის არც ერთ ნაბიჯს არ აქვს არანაირი პრაქტიკული დატვირთვა ჩვენთვის. მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მიიღებს ას მანდატზე მეტს საქართველოს პარლამენტში, მყისიერად, პირველი სხდომის გამართვის შემდეგ განხორციელდება პრეზიდენტის იმპიჩმენტი, რასაც აქვს სიმბოლური დატვირთვა. თქვენ იცით, რომ ისედაც ერთი თვით იკვეცება მხოლოდ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა. მას ისედაც გასდის ვადა დეკემბერში, აქედან გამომდინარე, იმპიჩმენტს აქვს არსებითად სიმბოლური დატვირთვა. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოღალატემ არ დატოვოს სტანდარტულად პრეზიდენტის თანამდებობა. მან ეს თანამდებობა უნდა დატოვოს, როგორც კონსტიტუციის დამრღვევმა, როგორც მოღალატემ, ეს უნდა გაფორმდეს საქართველოს პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილებით, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად“, - განაცხადა პრემიერმა.