სალომე ზურაბიშვილმა დააანონსა, რომ არჩევნების დღეს ის ხსნის საარჩევნო შტაბს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში და ამაზე ხმას არავინ იღებს, არც ადგილობრივი, არც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები, აქედან ჩანს, რომ ყველა ეს დაკვირვება არის მიკერძოებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ არის ჩართული საარჩევნო აგიტაციაში, ის პირდაპირ და უხეშად არღვევს საარჩევნო პრინციპებს.
„რეალურად ოპოზიციის ამოცანა არის ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზება. თუ წინასწარ ეტყვიან, რომ წაგებული აქვთ არჩევნები, ისინი ვერ მოახერხებენ ამომრჩევლის მობილიზებას. თქვენ გახსოვთ, რომ ყოველ ჯერზე ისინი ძალიან თამამად და ხმამაღლა ჰპირდებოდნენ საკუთარ ამომრჩეველს, რომ ახლა იცვლებოდა ხელისუფლება, ახლა იგებდნენ არჩევნებს, ეს იყო 2016-2018 წელს, ეს იყო 2020-2021 წელს, მაგრამ ისინი ყოველ ჯერზე ატყუებდნენ საკუთარ ამომრჩეველს. გასაგებიც არის რაღაც კუთხით, შეიძლება იცოდე წინასწარ რომ აგებ არჩევნებს, მაგრამ ეს არ უნდა უთხრა ხომ საკუთარ ამომრჩეველს, ეს არის რეალურად ოპოზიციის დამოკიდებულება.
მეორე მხრივ, როდესაც ასე ატყუებ საკუთარ ამომრჩეველს, როცა სინამდვილეში გაქვს აბსოლუტურად კატასტროფული რეიტინგი და ჰპირდები გამარჯვებას არჩევნებში შენი კოლექტიური პარტიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ამის შემდეგ ხომ უნდა ჩახედო თვალებში საკუთარ ამომრჩეველს, ეს არ აინტერესებთ. იმდენად უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ძალებთან და პოლიტიკოსებთან გვაქვს ჩვენ საქმე, რომ ეს ტყუილი არ აინტერესებთ. 26 ოქტომბრის საღამოს რომ მოუწევთ საკუთარი ამომრჩევლისთვის თვალებში ჩახედვა, რომელსაც ატყუებენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ეს არ არის საერთოდ მათი ინტერესის საგანი. ჩვენ ყოველ ჯერზე, როდესაც ვსაუბრობთ ხოლმე ამომრჩეველთან ჩვენს საარჩევნო შედეგებზე, დაზუსტებით ვეუბნებით, რა არის ჩვენი მოლოდინი. შეგახსენებთ, 2020 წელს, როცა ტარდებოდა არჩევნები, მაშინ პირადად მე ვაკეთებდი განცხადებებს, რომ ველოდებოდი დაახლოებით 90 მანდატს და ისე დაემთხვა, რომ მივიღეთ 90 მანდატი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე. 2021 ვამბობდი, რომ ვაპირებდით იმ შედეგის გამეორებას, რაც გვქონდა წინა არჩევნებზე, გამომდინარე სოციოლოგიური კვლევებიდან და რეალურად 1- პროცენტიანი განსხვავება იყო მხოლოდ 2020 წლის და 2021 წლის არჩევნებს შორის. ასევე, 2016 წელს, როცა ჩვენ მივიღეთ ხმების 48 პროცენტი, ოდნავ მეტი, ჩემი განცხადება იყო, რომ ჩვენ ველოდებოდით ყოველ მეორე ხმას, ანუ ეს ნიშნავს უხეშად დაახლოებით, 50 პროცენტს და აქაც იყო მიზერული ცდომილება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არასდროს ატყუებს ამომრჩეველს.
„ტყუილი ზოგადად არ უნდა იკადრო და მეორე ის, რომ შენ პასუხისმგებელი ხარ საკუთარ სიტყვაზე ამომრჩევლის მიმართ. მოგიწევს არჩევნების დღეს თვალი გაუსწორო საკუთარ ამომრჩეველს. შენ თუ გექნება ტყუილი ნათქვამი, აქ ელემენტარული პასუხისმგებლობის ამბავია, რომ გამართული იყო წელში საკუთარი ამომრჩევლის მიმართ. ეს არ აინტერესებთ ოპოზიციის წარმომადგენლებს, ამიტომ იტყუებიან სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, რომელიც ამბობს 20-25 პროცენტს. ტყუილსაც ხომ აქვს რაღაც საზღვრები, იგივეს ამბობს ვაშაძე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ორი პოლიტიკოსია დღეს საქართველოში, რომელიც 20-25 პროცენტს ამბობს, ეს არის გიორგი ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი.
„ვაშაძის კალიბრის კიდევ ერთი პოლიტიკოსი აღმოჩნდა საქართველოში - ეს არის სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პირდაპირ არის ჩართული საარჩევნო აგიტაციაში. ამას ეფექტი ვერ ექნება, მაგრამ ის პირდაპირ და უხეშად არღვევს საარჩევნო პრინციპებს. უფრო მეტიც, მან დააანონსა, რომ არჩევნების დღეს ის ხსნის საარჩევნო შტაბს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში და ამაზე ხმას არავინ იღებს, არც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ჯერ-ჯერობით არც საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების განცხადებები მოგვისმენია, არც ენჯეოები და არც ა.შ. ანუ უხეშად უპირისპირდება საარჩევნო პრინციპებს. პირდაპირ თქვა, არჩევნებში გამარჯვება ვიზეიმოთო, მარტო იმაზე კი არ არის საუბარი, რომ რაღაცას დააკვირდნენ, არჩევნებში გამარჯვება ვიზეიმოთო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში, ამაზე ხმას არავინ იღებს. აქედან ჩანს, რომ ყველა ეს დაკვირვება არის მიკერძოებული, პირველ რიგში, ვგულისხმობ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ყველა ენჯეო არის მიკერძოებული, სამწუხაროდ, უცხოელი მფარველები არიან მიკერძოებული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს ყველაფერი ვერ მოახდენს გავლენას ამომრჩევლის ნებაზე, ქართველი ხალხი, საზოგადოება არის საკმარისად გამოცდილი იმისათვის, რომ სწორი არჩევანი გააკეთოს 26 ოქტომბერს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.