საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი საქართველოში ვიზიტით მყოფ ჩეხეთის რესპუბლიკის სენატორთა დელეგაციას შეხვდა.
შეხვედრის დროს მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობისა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები განიხილეს.
ქართულმა მხარემ ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაციას ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის, საქართველოში მიმდინარე შიდაპოლიტიკური პროცესებისა და რეფორმების შესახებ. აღინიშნა ჩეხური მხარის მხარდაჭერის და მისი გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესებში.
შეხვედრაზე ჩეხურმა მხარემ ხაზგასმით დაადასტურა ჩეხეთის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით.