ევროპარლამენტის რეზოლუციაზე სერიოზულად საუბარი ძალიან გამიჭირდება, ეს უკვე აღარც სამარცხვინოა და საერთოდ არაფერში წერია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძის თქმით, რეზოლუციაში სისულელეები წერია.
„ალბათ, ჩემი პარლამენტში 4-წლიანი საქმიანობის მანძილზე ყველაზე არასერიოზული კომენტარი მექნება, რადგან უბრალოდ წარმოუდგენელია, სერიოზული კომენტარი გავაკეთოთ იმ ჩანაწერზე, რაც იქ იყო. იმედი მქონდა, ევროპარლამენტი რეზოლუციით მოუწოდებდა, რომ „ვივამედის“ ექიმები ნობელის პრემიაზე, მედიცინის დარგში წარედგინათ, რადგან მათ შეუძლებელი მოახერხეს და დემენციით დაავადებული ადამიანი განკურნეს. ეს მსოფლიოში პირველი შემთხვევაა და იმედი მქონდა, ევროპარლამენტი ამას გააკეთებდა, მაგრამ იმედგაცურებული დავრჩი.
რაც შეეხება ტერიტორიების აღიარებას, ჩვენ არა მხოლოდ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, არამედ გურიის, სამეგრელოს, კახეთის, იმერეთის აღიარებას ვაპირებთ. ერთადერთი მიზეზი, რატომაც აქამდე არ გაგვიკეთებია და გაგვიგრძელდა, არის ის, რომ ვერ გადავწყვიტეთ, რაჭა და ლეჩხუმი ცალ-ცალკე ვაღიაროთ თუ ერთად. რეზოლუციაში მსგავსი სისულელეები წერია. სტალინის კულტზე კიდევ ერთხელ ჩანაწერი გაკეთდა. ალბათ საქართველოს მოქალაქეები სტალინის ძეგლებს ვერ ვხედავთ, რომლებიც დგას თავისუფლების მოედანზე თბილისში, სპორტის სასახლის წინ, აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე, ბათუმში, ერას მოედანზე, თელავში და მხოლოდ ევროპარლამენტარების ბასრი და მახვილი მზერით ჩანს სტალინის ძეგლები და სტალინის კულტის განდიდება საქართველოში. რეზოლუციაში კიდევ საბჭოთა ნოსტალგიაზეც ეწერა. ჩანაწერი იყო, თურმე საბჭოთა ნოსტალგიით ვართ შეპყრობილი. მაგალითად, ათი წლის ვიყავი, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა და ჩვენი წევრების დიდი ნაწილი საერთოდ დაბადებულიც არ იყო. ალბათ მათში ყველაზე ძალიან არის მომძლავრებული საბჭოთა ნოსტალგია, ვინც საბჭოთა კავშირს ვერ მოესწრო. როგორ შეგვიძლია, რომელიმე ამ ჩანაწერზე სერიოზული კომენტარი გავაკეთოთ? – ეს უკვე აღარც სამარცხვინოა და საერთოდ არაფერში წერია. ერთად თავმოყრილი მსგავსი სიულელეების დოკუმენტი ნამდვილად არასოდეს მინახავს და არასოდეს წამიკითხავს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 495-მა ევროდეპუტატმა, 73 წინააღმდეგი იყო, 86-მა კი თავი შეიკავა.
რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, პერსონალური სანქციები შემოიღოს ბიძინა ივანიშვილისა და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას.
დოკუმენტში ასევე საუბარია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე.
ამასთან, ევროპარლამენტი მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო, რომელიც მზარდია მიმდინარე წლის განმავლობაში, განსაკუთრებით 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე.
რეზოლუციის ტექსტში საუბარია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ და ვიზალიბერალიზაციის საკითხზე. ასევე, ევროპარლამენტი საქართველოს მთავრობას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებისკენ მოუწოდებს.