საქართველომ არგენტინასთან პოლიტიკური კონსულტაციები გამართა.
კონსულტაციების ფარგლებში არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ბოკერია არგენტინის საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მაღალი დონის წარმომადგენლებს შეხვდა.
ქართული მხრიდან შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი ოთარ ბერძენიშვილი და ამერიკის დეპარტამენტის ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის სამმართველოს I მდივანი ნინო ყამარაული.
შეხვედრების ძირითად მიზანს საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივების განხილვა და კონკრეტული სფეროებისა და მიმართულებების განსაზღვრა წარმოადგენდა. შეხვედრების დროს ასევე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი.