ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ფლორიდის მოსახლეობას მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაემორჩილონ ევაკუაციის ბრძანებას ქარიშხალ „მილტონის“ მიახლოების გამო.
„შეიძლება, ეს იყოს ყველაზე საშიში ქარიშხალი, რომელიც ფლორიდას ბოლო საუკუნეში დაატყდა თავს. ღმერთმა ქნას, ეს ასე არ მოხდეს, მაგრამ ამჟამად ასე ჩანს“, – განაცხადა ბაიდენმა.
როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, მან ფლორიდაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ბრძანება დაამტკიცა.
სავარაუდოა, რომ ქარიშხალი ფლორიდის მჭიდროდ დასახლებულ ქალაქ ტამპას დაატყდება.
გაძლიერებული ქარიშხალი „მილტონი“ სამშაბათს ფლორიდის ყურის სანაპიროსკენ გაემართა მას შემდეგ, რაც მას ქარიშხალმა “ჰელენმა” გადაუარა. შტატის მილიონზე მეტმა მაცხოვრებელმა ევაკუაციის ბრაძანება მიიღო, ვიდრე ქარიშხალი ტამპას რაიონს დაატყდება თავს.
ქარიშხალი, რომელიც სწრაფად გაძლიერდა, ვარაუდობენ, რომ ოთხშაბათს ხმელეთზე გავრცელდება და საფრთხეს შეუქმნის ფლორიდის დასახლებულ დასავლეთ სანაპიროს, რომელიც ჯერ კიდევ ორ კვირაზე ნაკლები ხნის წინ ქარიშხალ „ჰელენს“ ებრძოდა
"მილტონი შესაძლოა, გახდეს ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ქარიშხალი ისტორიაში დასავლეთ-ცენტრალური ფლორიდასთვის", - თქვა ქარიშხლების შემსწავლელმა ეროვნულმა ცენტრმა.
მოსალოდნელი საფრთხის გამო შეერთებულ შტატებში 1500-ზე მეტი ფრენა უკვე გაუქმებულია.
შეგახსენებთ, რომ შეერთებულ შტატებში შტორმ „ჰელენის“ შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან . სტიქიას 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა.