სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია II-მ 2011 წელი შერიგების წლად გამოაცხადა.
სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას პატრიარქმა მოქალაქეებს ერთმანეთის დახმარებისკენ და ტვირთის შემსუბუქებისკენ მოუწოდა. ქადაგებისას პატრიარქმა ზიარების მნიშვნელობაზე და აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
"ყველას გილოცავთ ახალ წელს. ღმერთმა ინებოს, რომ ეს წელი იყოს მშვიდობიანი, გამთლიანების და გამრავლების წელი. ეს წელი უნდა იყოს შერიგების წელი. ღმერთმა ინებოს, რომ ქართველები, აფხაზები, ოსები, რუსები და სხვანი შერიგდნენ. ეს არის ერთადერთი ხსნა და გზა გადარჩენისაკენ. როგორც პავლე მოციქული ამბობს, ერთმანეთის სიმძიმე უნდა ვიტვირთოთ", - იქადაგა პატრიარქმა.
ლიტურგიის შემდეგ, პატრიარქს საფრანგეთიდან ჩამობრძანებული თამარ მეფის ხატიც გადასცეს. ხატი ცოტა ხნის წინ ათონის მთაზე დაიწერა და პატრიარქს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების სახელით დასავლეთის ევროპის მიტროპოლიტმა უსახსოვრა.