შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა და დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინის წარმომადგენლების გარეშე არ შეხვდება. ამის შესახებ მან ტელეარხ CBS-ის გადაცემა „60 წუთის“ ეთერში ისაუბრა.
კითხვაზე, შეხვდება თუ არა პუტინს, უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით, ჰარისმა უპასუხა: „უკრაინის გარეშე, არა“.
“უკრაინას უნდა ჰქონდეს ხმის უფლება საკუთარ მომავალთან დაკავშირებით”, - დასძინა მან.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უარყო რუსეთის ლიდერთან რაიმე მოლაპარაკების შესაძლებლობა.
ჰარისმა ასევე გააკრიტიკა მისი ოპონენტის, დონალდ ტრამპის შეხედულებები უკრაინასთან დაკავშირებით, და მას კაპიტულაციის პოლიტიკა უწოდა.
„დონალდ ტრამპი პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, ახლა პუტინი კიევში იქნებოდა“, - თქვა ჰარისმა.
რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი უკრაინაში აშშ-ის სამხედრო დახმარების ღიად აკრიტიკებს. ის კიევს რუსეთთან შეთანხმების დადებისკენ მოუწოდებს. უკრაინა შიშობს, რომ ტრამპის არჩევნებში გამარჯვება გააუარესებს მის პოზიციას რუსეთის ფედერაციასთან ომში.
უკრაინის ნატოში შესაძლო გაწევრიანების შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას, ჰარისმა განაცხადა, რომ ეს საკითხები განიხილება მაშინ, „როცა ამის დრო მოვა“.
„ამჟამად ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის უნარს, დაიცვას თავი არაპროვოცირებული რუსული აგრესიისგან“, - თქვა ჰარისმა.