ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია ჩეხ პარლამენტარებს შეხვდა.
მალაშხიამ სტუმრებს მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისა და თანადგომისათვის, რომელიც მათ საქართველოს 2008 წლის აგვისტოს დღეებში აღმოუჩინეს.
"ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია. ამ ტერიტორიაზე დაცული უნდა იყოს ყველა ღირებულებითი სისტემა, ადამიანები უნდა შევიდნენ თავიანთ სახლებში, მათ უნდა ჰქონდეთ სწავლის და რწმენის უფლება. დღეს კი ჩვენს მოქალაქეებს ამის შესაძლებლობა არ აქვთ. ეს პრობლემა არ მოგვარდება, ვიდრე რუსეთის მოქმედებები არ შეფასდება როგორც ფაშიზმი", - განაცხადა მალაშხიამ.
თავის მხრივ, ჩეხმა პარლამენტარებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ევროსტუქტურებში დაიცვან საქართველოს ინტერესები და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს დაანახონ, რომ რუსეთი სულაც არ შეცვლილა და ის არ არის ისეთი დემოკრატიული ქვეყანა, როგორადაც ცდილობს მსოფლიოს თავი მოაჩვენოს.
"ჩვენ ერთი საერთო ტრაგიკული პრობლემა გვაქვს, ესაა რუსეთი და ჩვენ ყველა ეკონომიკური და პოლიტიკური ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ მის წინააღმდეგ", - განაცხადა ჩეხეთის პარლამენტის დემოკრატიის განვითარების მხარდამჭერი კომისიის თვმჯდომარემ, ვლასტიმილ სენალმა.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე საქართველოსა და ჩეხეთის პარლამენტების შემდგომი თნამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.