წყლისა და დასუფთავების გადასახადების გადაუხდელობის გამო მოსახლეობას ელექტროენერგია გაეთიშება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილმა განუცხადა. თუმცა მარეგულირებლის თავმჯდომარე ვერ აკონკრეტებს, როდის დაიწყება ამის აღსრულება.
"მარეგულირებელმა კომისიამ გასული წლის ნოემბერში წყლისა და დასუფთავების გადასახადების გადაუხდელობის გამო აბონენტებისთვის ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ეს გადაწყვეტილება იმთავითვე ძალაში გახლდათ. თუმცა ტექნიკური პრობლემა არსებობდა. კერძოდ, თელასის, დასუფთავებისა და წყლის კომპანიებს შორის ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო, რაც ჭიანურდებოდა",_აცხადებს ჩალაგაშვილი.
მისი თქმით, "ენერგოპროსთან" უკვე დასრულდა მოლაპარაკებები და უახლოეს ხანში შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდება. ამის შემდეგ უკვე თელასის კომპეტენცია იქნება, თუ როდის გადაწყვეტს მოსახლეობიდან დავალიანების ამოღებას.
შეგახსენებთ, საერთო მრიცხველის შემოღების გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი აირის" შესახებ კანონში შესული ცვლილების შემდეგ მიიღო.