პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ში მიწვევის გაუქმებაშიც გლობალური ომის პარტიის კვალზე საუბრობს.
"რაც შეეხება ვახშამს, თუ ხელის ჩამორთმევას, იქ მონაწილეობას. იყო მიწვეული ყველა დელეგაცია, 200 ქვეყანა. ამ ორასი ქვეყნიდან რამდენია ავტორიტარული? დაახლოებით ნახევარი არის თვითაღიარებული, ან სხვებისგან აღიარებული ავტოკრატია და ისინი იყვნენ მიწვეული. სად არის აქ ლოგიკა? ლოგიკა არის ერთადერთ რამეში, ამ შემთხვევაშიც ყველაფერში ურევია გლობალური ომის პარტიის ხელი" - თქვა კობახიძემ.
მისი თქმით, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, საქართველოს მიმართ ინტერესები "თვისობრივად შეიცვლება".
"მომავალი წლის დასაწყისიდან, ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ მას შემდეგ რაც გადაივლის ერთი არჩევნები, მეორე არჩევნები, [საქართველოსა და აშშ-ში] მას შემდეგ, რაც დასრულდება ომი უკრაინაში, ურთიერთობები გადაიტვირთება თვისებრივად საქართველოსა და აშშ-ს შორის...მე ხომ არ მისაუბრია მაინცდამაინც ტრამპზე. ჩვენ უნდა დავლაგდეთ ყველასთან, მათ შორის გლობალურ ომის პარტიასთანაც, მას შემდეგ, რაც შეიცვლება ინტერესები. ინტერესები არის დროებითი, ინტერესები იცვლება ვითარების ცვლილებასთან ერთად, მას შემდეგ რაც დასრულდება ორი არჩევნები, მას შემდეგ რაც დასრულდება ომი უკრაინაში , ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ თვისებრივად შეიცვლება ინტერესები ჩვენი ქვეყნის მიმართ და შესაბამისად გვექნება ურთიერთობების გადატვირთვის საშუალება ყველასთან და ყველაფერთან" განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, რა განაპირობებს ურთიერთობების გადატვირთვას, კობახიძემ 3 ფაქტორი ჩამოთვალა, მათ შორის ერთ-ერთი სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვა:
"მომავალი წლის დასაწყისში დასრულებული იქნება არჩევნები აქაც იქაც; მეორე - სალომე ზურაბიშვილი აღარ იქნება საქართველოს პრეზიდენტი; მესამე- ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის დასაწყისში აუცილებლად დასრულდება ომი უკრაინაში. ეს არის ფაქტორები, რაც განაპირობებს ურთიერთობების გადატვირთვას. დანარჩენს დაელოდეთ" - თქვა კობახიძემ.