ანტიკორუფციულმა ბიურომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" "განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის" სტატუსი მოუხსნა. ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა ბიუროს თავმჯდომარემ რაჟდენ კუპრაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ "განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის" სტატუსი "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" თავად რაჟდენ კუპრაშვილმა რამდენიმე დღის წინ მიანიჭა.
"საქართველოს კონსტიტუცია ცალსახად აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი, ხოლო არჩევნები წარმოადგენს დემოკრატიის უმთავრეს წინაპირობას. არავის არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ ეჭვქვეშ დააყენოს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩევნებში დაფიქსირებული შედეგები. აღნიშნულიდან გამომდინარე, და ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებლად მივიჩნევ, რომ გამოვიყენო დისკრეცია და გამჭვირვალობა საქართველოს და ეკა გიგაურს გავუუქმო ყველა ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ორგანიზაციას და ეკა გიგაურს დაევალდებულათ გამჭვირვალე გაეხადათ პოლიტიკურ პროცესებში გაწეული დანახარჯები და ეს გაეცნოთ საზოგადოებისთვის", - განმარტა კუპრაშვილმა.
რაჟდენ კუპრაშვილის ბოლო გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება. მისი განცხადებით, მიზანშეწონილი იყო, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსა" და სხვა ორგანიზაციებს მოხსნოდათ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მინიჭებული "განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის" სტატუსი.
კობახიძის განცხადებას წინ უსწრებდა ევროპის საბჭოს საპარლამენტთაშორისო ასამბლეის განცხადება, სადაც შეშფოთება იყო გამოთქმული ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების გამო.