ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების გამო, რომლის თანახმადაც "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებას ვერ შეძლებს. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოს საკითხებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების , კლოდ კერნისა და ედიტე ესტრელას, ასევე საქართველოში არჩევნების სადამკვირვევლო დელეგაციის ხელმძღვანელის, იულიან ბულაის სახელით გავრცელდა.
"ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ იმ ფაქტით, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო იძულებული გახდა დაეხურა საარჩევნო სადამკვირვებლო ოპერაციები ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, რომლითაც სამოქალაქო საზოგადოება და მისი დირექტორი "საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად" გამოცხადდნენ.
ეს, როგორც ჩანს, ადასტურებს ასამბლეის მიერ ბოლო რეზოლუციაში გამოთქმულ შეშფოთებას იმის შესახებ, რომ "სამოქალაქო საზოგადოების პატივსაცემმა ორგანიზაციებმა, რომლებსაც აქვთ არჩევნებზე დაკვირვების ხანგრძლივი და დიდი გამოცდილება, შესაძლოა ვეღარ შეძლონ არჩევნებზე დაკვირვება". ეს მიუღებელია და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას საარჩევნო პროცესის დემოკრატიული ხასიათის მიმართ.
ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, დაიცვან ამ არჩევნების ლეგიტიმაცია და მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა უზრუნველყონ, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ, ისევე როგორც სხვა პატივსაცემმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ამ არჩევნებზე დაბრკოლების ან ჩარევის გარეშე დაკვირვება შეძლონ", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 24 სექტემბერს ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და „აირჩიე ევროპის“ დირექტორები ეკა გიგაური და ხათუნა ლაგაზიძე „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირებად“ გამოაცხადა.