დღეს პარლამენტის წინ დევნილების მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. დევნილები იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისაAდა ლტოლვილთა სამინისტროს მხრიდან დაგეგმილ მათ გასახლებას აპროტესტებენ და კომპაქტურ დასახლებებში ბინების დაკანონებას მოითხოვენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის თავმჯდომარე მანუჩარ სიგუამ გნაცხადა, ხელისუფლებამ დევნილთა გასახლება 15-ის ნაცვლად 20 იანვრისთვის გადადო. მისი თქმით, ხელისუფლება ელოდება, როდის დაიღლებიან დევნილები, თუმცა ისინი პერმანენტულ საპროტესტო აქციების შეწყვეტას არ აპირებენ.
"პირველ ეტაპზე დევნილების გასახლებას 19 ობიექტიდან ველოდებით. არსებობს სიები, რომლებიც სამინისტოსგან მალულად მოგვაწოდეს. სახელისუფლო შტოებში კიდევ არსებობენ ადამიანები, რომელთაც დევნილების ბედი ადარდებთ", _ აღნიშნა მანუჩარ სიგუამ.
მისი თქმით, არაა გამორიცხული, ხელისუფლებამ დათქმული 20 იანვრის ნაცვლად უფრო ადრეც გამოყაროს დევნილები საცხოვრებელი ბინებიდან. მანუჩარ სიგუა მოუწოდებს იმ დევნილებს, რომელთაც ბინები ჯერ კიდევ არ დაუკანონეს, რომ მათ მხარში ამოუდგნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათაც მიადგებიან და საცხოვრებელ ფართებს დაატოვებინებენ.
მანუჩარ სიგუა მიიჩნევს, რომ დევნილები სახელმწიფოს და არა რომელიმე კერძო პირის ფართში არიან ჩასახლებულნი, ამიტომ ხელისუფლებამ ხელი უნდა აიღოს მათ გასახლებაზე. ამასთან, დევნილების აზრით, ისინი დედაქალაქში ინტეგრირებულნი არიან და რეგიონებში ცხოვრება გაუჭირდებათ.
"კანონის თანახმად, საცხოვრებელ გარემოსთან ინტეგრირებული დევნილის აყრა დაუშვებელია,"_აცხადებს სიგუა.
დევნილთა აქციას სოლიდარობა გამოუცხადეს დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, "ქართული პარტიის" "ხალხის პარტიის", "კონსერვატორების", მწვანეთა პარტიის, მოძრაობა "სამართლიანი საქართველოს" წევრებმა.
პარლამენტის წინ დევნილთა მორიგი საოპროტესტო აქცია 20 იანვარს გაიმართება, ხოლო 22 და 23 იანვარს მომდევნო პერმანენტული აქციები იგეგმება.